მთავრობა სამშენებლო ამნისტიის პროექტს ამზადებს, რომელიც მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. როგორც გუშინ გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, პრემიერმა ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.
ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე გავრცელდება. რატი ბრეგაძე იმედოვნებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში უკანონო მშენებლობების პრობლემის აღმოფხვრის წინაპირობა გახდება. პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს.
სტუმარი: ქეთი ქვარცხავა - იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორი;