თბილისს წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურმა დაზიანებამ, რომლის აღმოფხვრას ადგილზე სავარაუდოდ დიდი ოდენობით სამშენებლო ნარჩენების განთავსება აფერხებს, სამშენებლო ნარჩენების უსისტემო განთავსების პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა. წიწამურთან არსებული მაგისტრალური წყლის მილი დიდი მოცულობის ხელოვნურად ნაყარი გრუნტისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც 1 კვირა მაინც სჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი 63 000-ზე მეტ აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
სამშენებლო ნარჩენების პრობლემაზე წლებია საუბარი მიდის, იყო შემთხვევები როცა ნარჩენი კანონდარღვევით თბილისში ისეთ ტერიტორიებზე იყრებოდა როგორიცაა დიღმის ჭალები, ხუდადოვის ტყე და ა.შ.
მუნიციპალურმა ინსპექციამ მხოლოდ გასულ წელს ამ მიმართულებით 387 დარღვევა გამოავლინა და ჯარიმის სახით 1 915 000 ლარი ჯარიმა გამოწერა.
მოქმედი კანონმდებლობით სამშენებლო ნარჩენი როგორც ფიზიკურმა ისე იურიდიულმა პირებმა თბილსერვის ჯგუფის მართვაში მყოფ სპეციალურ პოლიგონზე უნდა განათავსონ, რისთვისაც სერვისის მიმღებმა დადგენილი ტარიფი უნდა გადაიხადონ.
“საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილია დედაქალაქში ნარჩენების მართვის წესი და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობები, რომლის დარღვევაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს (აჯარიმებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია).
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ კერძო კომპანიებსა და მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სამშენებლო ნარჩენი ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. ასეთი ტიპის ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. გლდანის ობიექტზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად”, - აცხადებენ თბილსერვის ჯგუფში.
თბილსერვის ჯგუფის ინფორმაციით, ტარიფები გლდანის პოლიგონზე სამშენებლო და ინერტული ნარჩენის განთავსებისთვის ასე ნაწილდება:
1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი
5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი
10-ის ზემოთ - 30,6 ლარი
(ერთი მანქანის შესვლა)