მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო კომპანია "ბალავარი": ბინების განვადებით გაყიდვები გავაჩერეთ

5d4e8f35cb76c
თამუნა ქემერტელიძე
10.08.19 19:30
5848
"ბინების განვადებით გაყიდვები გავაჩერეთ”, - აცხადებს სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ დამფუძნებელი ბესო თავბერიძე.

როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სამშენებლო კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო.

“ბალავარის” დამფუძნებელი განმარტავს, რომ კომპანია მაქსიმალურად ერიდება პროდუქტის გაძვირებას, თუმცა თუ ბაზარზე განვადებებს დააბრუნებენ, მათ ფასების გაზრდა მოუწევთ.

“ახლა გადაწყვეტილების რეჟიმში ვართ, თუ როგორ გავაგრძელოთ რეალიზაცია, ვყიდით უფრო ნაღდი ფულით, განვადებები გაჩერებული გვაქვს. მსყიდველუნარიანობა მოსახლეობას არ გააჩნია, რომ ფასის მატებას შეეგუოს. ლარის კურსის ცვლილების შესაბამისი იქნება ჩვენი გადაწყვეტილებები. ბოლო პერიოდში განვადებებით გაყიდვებმა და ლარის მერყეობამ, კომპანიის მოგების 30%-ით შემცირება გამოიწვია”, - აცხადებს თავბერიძე.

მისი თქმით, სამშენებლო და საბანკო რეგულაციების შედეგად, სამშენებლო სექტორი, ფაქტობრივად, დამუხრუჭდა.

„პრობლემაა სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებითაც, ორი თვის წინ ჩატარებული ტენდერი, რომელიც ლარის დოლართან მიმართებაში 2.7-ის ნიშნულზე იყო გათვლილი, დღეს 2.92-ია. ამან შესაძლოა, მშენებლობის მხრივ სერიოზული ფასთაცვლილებები მოიტანოს”, - აცხადებს თავბერიძე, რომელიც ლარის დასტაბილურების ერთ-ერთ საშუალებად დერეგულაციას ასახელებს.

“რაც მეტი დერეგულაცია მოხდება სამშენებლო ბიზნესში, მით უფრო დასტაბილურდება ლარი. სამშენებლო ბიზნესს მიჰყვება უამრავი სხვა სატელიტი ბიზნესი, რომელიც ამოძრავებს ეკონომიკას”, - აცხადებს თავბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები