მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო მასალების ფასი მომავალ თვეებში 10-20%-ით გაიზრდება – „გორგია“

ბრენდის ხმა - გორგია - Gorgia /04.10.2024

ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ ინფორმაციით, სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი. კომპანიის პროგნოზით, უახლოესი სამი თვის განმავლობაში პროდუქცია, შესაძლოა, კიდევ 10-20%-ით გაძვირდეს. როგორც კომპანიის დირექტორი bm.ge-სთან განმარტავს, ფასების მატება გლობალური ფაქტორებითაა განპირობებული.

ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ პირდაპირი გავლენა იქონია წარმოებისა და ლოგისტიკის ღირებულებაზე. გარდა ამისა, რიგ ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში, გაზის მიწოდების დეფიციტმა წარმოების შეფერხება და პროდუქციის (მაგალითად, ფილების) გაძვირება გამოიწვია. მაისის თვიდან ფასების მატება მოსალოდნელია ლამინატზეც, რაც თორნიკე გურულის თქმით, ნედლეულისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას უკავშირდება.

“თუ დავაკვირდებით როგორ იცვლება ზოგადად მსოფლიო ბაზარი, ვნახავთ, რომ ყველა მიმართულებით ფასების ზრდა ფიქსირდება. გაიზარდა ნავთობპროდუქტებზე ფასები, რამაც წარმოება მკვეთრად შეცვალა და ფასები გაზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსპორტირების ფასებია გაზრდილი ყველა ქვეყნიდან.

რაც შეეხება სამშენებლო მასალების მიმართულებას, თუ ავიღებთ მაგაკლითად ფილებს, საქართველო ძირითადად მარაგდებოდა თურქეთიდან, ირანიდან, ინდოეთიდან. თურქეთში ფასები მკვეთრად გაიზარდა, დაახლოებით 20%-ის ფარგლებში. ამასთან ინდოეთში გაზის მიწოდება საერთოდ შეწყვეტილი იყო და ორი თვის განმავლობაში თითქმის საერთოდ არ ხდებოდა წარმოება ფილების და როდესაც აღდგა წარმოება, დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებში გაიზარდა ფასები. ირანში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო მოწოდება, ახლა ცოტა შეინიშნება გამოცოცხლება და რამდენიმე ქარხანამ კვლავ აღადგინა ფილების წარმოება. ასე რომ, სამშენებლო-სარემონტო მიმართულებით ფასების ზრდა მკვეთრია.

მარტო მაისის თვეში ფასების ზრდა აქვთ დაანონსებული მომწოდებლებს ისეთ პროდუქტებზე, რომელშიც ნავთობპროდუქტების ფასი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ლამინატი, რომელიც თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ლამინატი. ამ მიმართულებით დაახლოებით 10-დან 18%-მდე ფასების ზრდაა მაისში დაგეგმილი მომწოდებლების მხრიდან, რადგანაც ნედლეულის და ტრანსპორტირების ფასები ისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე.

როგორია ჩვენი პროგნოზი? ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალებზე მომავალ პერიოდში ფასების ზრდა იქნება. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება რაღაცა ძალიან დიდი, მაგრამ დაახლოებით 10-დან 20%-ის ფარგლებში ვვარაუდობთ, რომ ფასები გაიზრდება უახლოეს პერიოდში, თუ მსოფლიოში არ შეიცვალა მდგომარეობა",-აცხადებს თორნიკე გურული.

მისი თქმით, ფასების მკვეთრი მატება ჯერჯერობით არ შეხებია საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯს, რაც კომპანიის მიერ წინასწარ, ძველი ტარიფებით განხორციელებული შესყიდვებითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები