მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო ნებართვა ენერგოეფექტურობის დეკლარაციის გარეშე აღარ გაიცემა - რა იცვლება 1 ივლისიდან?

649d90fc512d3
ელენე გოგბერაშვილი
29.06.23 18:04
24715
1 ივლისიდან ძალაში შედის ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრება როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.

იმისთვის, რომ სამშენებლო ნებართვა მიიღოთ, მოთხოვნილ დოკუმენტაციას ასევე თან უნდა ახლდეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით გაცემული დეკლარაცია, რომ ის შენობა, რომლის აშენებასაც გეგმავთ, ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ენერგეტიკული მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია intec-ის უფროსი მრჩეველი გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ მთავრობის შესაბამისი დადგენილება ადგენს გამონაკლისებსაც, ვისზეც კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება. ეს არის რელიგიური, საკულტო შენობები, 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლები შენობები და დროებითი ნაგებობები, რომელიც განკუთვნილია 2-წლამდე გამოყენებისთვის. კანონის მოთხოვნები არ ეხება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებს, რომლებსაც გათბობა-გაგრილების სისტემები არ სჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ რეგულაცია ეხება არსებულ შენობებსაც, რომელიც რეკონსტრუქციას საჭიროებს, ვახტანგ ბეგაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე კანონის მოთხოვნები ასეთ შენობებზე არ გავრცელდება.

„არსებობს 354-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოთხოვნა ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდრატები ვრცელდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც არის შენობის გარე სივრცესთან კვეთაში. მათ უნდა დააკმაყოფილონ თბოგამტარობის მინიმალური მოთხოვნები. შესაბამისი ვალდებულება შემოვიდა კანონიდან „ენერგოეფექტურობის შესახებ“ , რომელიც მიღებულია 2020 წელს, ხოლო დადგენილება 354-ე 2021 წელს არის მიღებული. იგი ახლა განიცდის რევიზიას. ახალი ტექსტი გამოვა 1 ივლისამდე და მის საფუძველზე სამშენებლო სექტორმა უნდა დაიცვას შესაბამისი რეგულაცია.

შესწორება იქნება შემდეგი: მაგალითად იმისთვის, რომ მიიღოთ სამშენებლო ნებართვა, საჭიროა დაასაბუთოთ, რომ შესაბამისი შენობა აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს. აქამდე ეს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეიძლებოდა, ხოლო ახალ ვერსიაში გაჩნდება მეორე არჩევანი: იქნება ისევ ექსპერტიზა ან პროგრამული უზრუნველყოფის მიერ დაგენერირებული შესაბამისობის დეკლარაცია.

ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ 1 ივლისიდან დაიწყებთ ადმინისტრაციულ წარმოებას სამშენებლო ნებართვის მისაღებად, თქვენ გეხებათ ეს რეგულაცია. საბუთების დანარჩენ პაკეტთან ერთად აგზავნით დოკუმენტაციას არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც თანდართულად უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელსაც თქვენ მიიღებთ პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, რომელიც უკვე არსებობს. თავიდან იყო ინგლისური ვერსია, ახლა არსებობს ქართული ვერსიაც.

ჩატარდა არაერთი ტრენინგი არქიტექტორებისთვის, რომელთაც უნდა გამოიყენონ ეს პროგრამული უზრუნველყოფა. 500-მდე ადამიანი დაესწრო ამ ტრენინგს“, - განმარტავს ვახტანგ ბეგაშვილი, ენერგეტიკული მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია intec-ის უფროსი მრჩეველი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უწევს კონსულტაციას.

4-წლიანი პროგრამა საქართველოს რეგულაციის 0-დან შემუშავებაში ეხმარება მისი იმპლემენტაციის ფაზის დასრულებამდე.

„ჩვენ დაახლოებით შუაში ვართ. კანონქვემდებარე აქტების დაწერის პროცესი სრულდება მიმდინარე წელს და 1 ივლისიდან გადავდივართ იმპლემენტაციაზე. ეს პირველი ფაზაა, რასაც მოჰყვება დანარჩენი ეტაპებიც“,-აცხადებს ვახტანგ ბეგაშვილი.

აღსანიშნია, რომ ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოს 8 მლნ ევრო გამოუყო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები