მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამშენებლო ნებართვების გაცემის წესის ცვლილება დეველოპერებს კითხვებს უჩენს

5a7c18b9e6afb
მეგი კავთუაშვილი
08.02.18 13:29
1359
არქიტექტურის სამსახურის გარდა სამშენებლო ნებართვის მიღების პროცესში თბილისის მერიის სხვა სამსახურების ჩართვას დეველოპერების ნაწილი გაგებით ეკიდება, თუმცა ბიზნესს კითხვებიც უჩნდება. სამშენებლო კომპანიებში ამბობენ, რომ მსგავსი რეგულაციები აქამდეც არსებობდა, თუმცა ყურადღება არ ექცეოდა. მაგალითად K3 კოეფიციენტის ფარგლებში მენაშენეს ტერიტორიის მინიმუმ 10% გამწვანება აქამდეც ევალებოდა. დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელი, ირაკლი როსტომაშვილი თბილისის მერს ურჩევს ყურადღება ნარგავების მოვლაზე და თბილისში სარწყავი სისტემის გამართვაზე გაამახვილოს.

„K3 კოეფიციენტი პირველად 2002 წელს შემოიღეს, მაგრამ ყურადღება არ ექცეოდა. ჩვენ თუ დავითვლით ბოლო 15 წლის განმავლობაში რამდენი ფართი არის განაშენიანებული და იმის 10% რომ დავთვალოთ, ვნახავთ რამდენი მწვანე დავკარგეთ, ანუ ვერ მივიღეთ ის, რაც კანონით გვეკუთვნოდა. უხეში გათვლებით, 60 ჰექტარი გამწვანება მაინც უნდა მიეღო ქალაქს. მაგრამ ერთია ამის პროექტში ჩადება, მეორეა გამწვანება და ყველაზე მთვარი მაინც მოვლაა. წარმოიდგინეთ ნერგი 5 ლარი ღირს, 1 კვ.მ. გაზონის დაგება 6 ლარი ჯდება. ეს ხარჯი სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ შემდეგ ჯიპები დგანან იმ ნერგებზე. ქალაქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვინ მოუვლის მწვანე ზონებს. ასევე, თბილისში უნდა მოვიფიქროთ სარწყავი წყლის სისტემა. უნდა გვქონდეს იაფი, ტექნიკური სარწყავი წყალი. შესაძლოა, გამართლებული იყოს რომ მუნიციპალიტეტმა გადაიბაროს ეს სამუშაოები. ამაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ჯობია. სხვანაირად გამწვანების პრობლემა ვერ მოგვარდება", - აცხადებს BM.GE-სთან საუბარში კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი.

მერიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და დეპუტატი ილია წულაია, თუმცა იმედს გამოთქვამს რომ დამატებული რეგულაციები ბიუროკრატიულ პროცესებად არ გარდაიქმნება.

„ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანების და ტრანსპორის სამსახურების პოზიცია. მათი ჩართვით პრობლემები მნიშვნელოვანწილად მოგვარდება, თუმცა ასევე ძლიან მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს სწრაფად და მოქნილად. დარწმუნებული ვარ, ამ სამსახურების ჩართვა არ გამოიწვევს ბიუროკრატიული პროცესების გახანგრძლივებას. რაც შეეხება ნარგავების მოვლას, ეს უნდა დაევალოს დეველოპერს. არსებობს შესაბამისი ვადა, რომელიც უზრუნველჰყოფს ნარგავის გახარებას. თვითონ დეველოპერს უნდა ჰქონდეს ამის ვალდებულება.“ - აცხადებს ილია წულაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები