„ალდაგის“ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის განცხადებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისგან განსხვავებით, საცხოვრებელ კომპლექსებში სამშენებლო რისკების დაზღვევის კულტურა და სისტემა ჯერ სათანადო დონეზე არ არის განვითარებული, რაც მყიდველებისა და ინვესტორების დაცულობას ზღუდავს.
ბარათაშვილმა უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე მაგალითად ანაკლიის პორტისა და თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტები მოიყვანა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით მსხვილ ინფრასტრუქტურაში დაზღვევა სტანდარტული მოთხოვნაა, საცხოვრებელ სექტორში კი ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებთან და დეველოპერებთან აქტიური მუშაობაა საჭირო.
„თუ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამშენებლო რისკების დაზღვევა უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, საცხოვრებელი კომპლექსების სექტორში ამ სტანდარტამდე ჯერ ვერ მივედით. შედეგად, ვერც ფიზიკურ და ვერც იურიდიულ ინვესტორებს ვერ ვთავაზობთ იმ სიმყარესა და გარანტიებს, რომლებსაც დაზღვეული მშენებლობა და კონტროლირებადი სამშენებლო რისკები ქმნის.“
მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემისას დაზღვევის მინიმალური პაკეტი ყველა მიმწოდებლისთვის ერთნაირი და სავალდებულო უნდა იყოს, რათა მომხმარებელმა და ინვესტორმა პროდუქტი დროულად და გარანტირებულად მიიღონ. ბარათაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დაზღვევა უნდა ფარავდეს ისეთ რისკებს, როგორიცაა სტიქიური მოვლენები, პროექტირების ხარვეზები და თანხების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი, თუმცა სადაზღვევო კომპანია ვერ აიღებს საკრედიტო რისკს, თუ პროექტი შეკრული და დაფინანსებული არ არის.
„მშენებლობის ვადების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორია, რომელზეც ინვესტიციის დაცულობა გადის. ამ სექტორში დრო პირდაპირ ფულს უდრის. ამიტომ, სადაზღვევო კომპანიამ პროცესის ისეთი კონტროლი უნდა უზრუნველყოს, რომ მყიდველმა შეძენილი ქონება დათქმულ დროში, შეფერხების გარეშე მიიღოს.“
ბარათაშვილის შეფასებით, სადაზღვევო სტანდარტის დანერგვა ბაზარს უფრო სტაბილურსა და მიმზიდველს გახდის და როგორც მუნიციპალიტეტს, ისე ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს მეტ სიმყარეს მისცემს.
























