სამშენებლო-მენეჯმენტ კომპანია "რეფორმის“ დირექტორის გეგი ქელბაქიანის აზრით, „სამშენებლო სექტორმა ხვალინდელ დღეზე მეტი უნდა იფიქროს“. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც სამუშაო ძალის დეფიციტის გარდა, დარგში არსებულ სხვა გამოვწვებს შეეხებოდა.
"რეფორმის“ დირექტორს მიაჩნია, რომ ეკონომიკის კანონზომიერების გათვალისწინებით, მშენებლობის სექტორში აღმასვლა სულ არ იქნება, ამიტომ ბიზნესმა მოსალოდნელ გამოწვევებზე საპასუხოდ ფიქრი დღეს უნდა დაიწყოს.
- დღეს ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის ბუმი; ასევე, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დეველოპერული მშენებლობა, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება, აუცილებლად იქნება დაღმასვლა; ეს არის ეკონომიკის კანონზომიერება, რადგან ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაც ნელ-ნელა დასრულდება და ასეთი აქტიური ვერ იქნება და აქ არის მთავარი კითხვა - ხვალ რა უნდა აკეთონ სამშენებლო კომპანიებმა?! რა პერსპექტივები გვაქვს?! რამდენად ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის?! თუ გვინდა, საქართველოს პატარა ბაზარზე ჩავიკეტოთ და კონკურენცია ისე გაიზარდოს, რომ მოგება არავის დაგვრჩეს?! ამდენად, სამშენებლო სექტორმა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, როგორ შევიდეთ ევროპის და შუა აზიის ბაზრებზე; როგორ მოვახდინოთ ჩვენი სერვისების ექსპორტი საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, ვფიქრობ ამაზე არც სამშენებლო კომპანიები ვფიქრობთ და არც სახელმწიფოსთვისაა პრიორიტეტული მიმართულება.
- რომელმა აქტორმა უნდა დაიწყოს პირველმა ფიქრი?
- იცით, ბევრი სამშენებლო კომპანია „დღევანდელი კვერცხის პრინციპით“ მუშაობს, რაც ცუდია. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ გაზრდის და კვალიფიკაციის ამაღლების სტიმული, რათა საქართველოს ბაზრის გარეთაც იყვნენ კონკურენტუნარიანები, ამას სჭირდება შესყიდვების დახვეწილი კანონმდებლობა, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, რეალური ინვესტირება მოახდინოს როგორც ადამიანური რესურსების კაპიტალში, ისე - ინოვაციებში და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ევროპის ბაზარზე ვერ შევალთ.