მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა

დიტო ჩუბინიძე

სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, რომელსაც პროკურატურა სამშობლოს ღალატს, კერძოდ, საბოტაჟს ედავება, 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა - ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩუბინიძე სასამართლო პროცესებს თავისუფლებაზე მყოფი დაესწრება.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დიტო ჩუბინიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე წასვლას არ გეგმავდა და შედეგი საზოგადოების მხარდაჭერამ, საერთაშორისო ყურადღებამ და ადვოკატის პროფესიონალიზმმა მოიტანა.

ჟურნალისტის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დაცვის მხარე უკანონო ბრალდების სრულად გაუქმებასა და მისი შემდგენი პირების დასჯას მოითხოვს.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე და ჟურნალისტის მიმართ „საბოტაჟის“ მუხლით ბრალის წაყენება საფრთხეს უქმნის ყველა მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავეს.საგამოძიებო უწყების ცნობით, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს. იგი გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.

პროკურატურის განმარტებით, ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას საჭიროებს. ამასთან, საზღვრის განსაზღვრისა და მოლაპარაკებების წარმოების ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას აქვს მინიჭებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები