შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებზე წარმოდგენა არ აქვს.
მინისტრის თქმით, მას, როგორც მინისტრს ბევრი საქმე აქვს და ამ საქმეებითაა დაკავებული.
„მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს. სამწუხაროდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში იმდენად ვიყავით ჩართული ამ პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში, რომ ამ საკითხისთვის დრო არ მაქვს. ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, არის გადადებული ღონისძიებები და ის უნდა განვახორციელოთ. შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ოცნების“ მთავრობის მინისტრთა კაბინეტში წინასაახალწლოდ საკადრო ცვლილებები იგეგმება.
ამის შესახებ „პირველი რადიო“ წერს.
მისი ინფორმაციით, თანამდებობები, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დატოვონ.
ვებ-პორტალის წყაროს ცნობით, ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ ჩაანაცვლოს;
იზორიას შესაძლო გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ავღანეთის უბნებზე დაფიქსირებული შედეგებია, თუმცა მოქმედი მინისტრის გათავისუფლებაზე ხმები არჩევნებამდეც ვრცელდებოდა.