საქართველოს ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რაც 2023 წელს მის შემოსავლებსა და ხარჯებს, ასევე საჩუქრების სახით მიღებულ თანხებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, მიუნხენის მიმართულებით სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება 109,500 ლარი დაჯდა, ხოლო ეს თანხა ექსპრემიერის მამამ გადაიხადა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლისგან ამ თანხის გარდა 150,000 ლარის საჩუქარიც მიიღო, რაც 2022 წელს მიღებულ 180,000 ლართან შედარებით 30,000 ლარით ნაკლებია.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2023 წელს ხელფასის სახით 45,000 ლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება ხარჯებს, ირაკლი ღარიბაშვილის ხარჯებში ყველაზე მეტი თანხა - 20,000 დოლარი მისი მოგზაურობის ხარჯი იყო, შესაბამისად, მშობელმა მას ფრენა 109,500 ლარად დაუჯავშნა, ხოლო უშუალოდ მოგზაურობაზე პრემიერმა 20,000 დოლარი ანუ 54,000 ლარი დახარჯა, რაც მის წლიურ ხელფასზე 10 ათასი ლარით მეტი იყო.
შვილების სწავლის საფასურად ექსპრემიერმა 42,900 ლარი დახარჯა, ხოლო ბაკურიანში ტყის იჯარით სარგებლობისთვის მისმა მეუღლემ ნუნუ თამაზაშვილმა 6,255 ლარი გადაიხადა. ამასთან, შვილის სწავლის გადასახადში არ შედის მისი უფროსი შვილის ნიკოლოზ ღარიბაშვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლის ხარჯი, რადგანაც ის ირაკლი ღარიბაშვილთან მუდმივად არ ცხოვრობს, ხოლო ქონებრივ დეკლარაციაში კანონის თანხად, მითითებას ექვემდებარებიან ის პირები, ვინც უშუალოდ საჯარო მოხელესთან ერთად ცხოვრობენ. შესაბამისად, კანონის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ოჯახის წევრი, თუკი ის კონკრეტულ მოხელესთან მუდმივად არ ცხოვრობს, დეკლარაციაში არ მიეთითება.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი ნაღდი ფულის სახით 50,000 ლარს ინახავს. ხოლო კომერციული ბანკებიდან ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მეუღლე ანგარიშებს მხოლოდ "ქართუ ბანკში" ფლობენ, სადაც 92 ათასი ლარი, 8 ათასი დოლარი და 5 ათასი ევრო აქვთ განთავსებული.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, უშუალოდ 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილს უძრავი ქონება არ შეუძენია, ხოლო არსებული ქონების ჩამონათვალში შედის: 2022 წელს ბაკურიანში 77 ათას დოლარად შეძენილი 1,530 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 402 კვადრატული მეტრის შენობა.
დეკლარაციაში ირაკლი ღარიბაშვილი ასევე უთითებს 2011 წელს თბილისში მოსაშვილის ქუჩაზე შეძენილ 170 და 159 კვადრატული მეტრის ფართობის ბინებს, რომლებშიც მან 185 ათასი და 221 ათასი ლარი გადაიხადა.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია თბილისში გაგარინის ქუჩაზე მდებარე 121 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა 2009 წელს 100 ათას ლარად შეიძინა.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუ თამაზაშვილმა 2018 წელს 46 ათას ევროდ შეიძინა Range Rover Velar-ი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილმა 2019 წელს 76 ათას ევროდ შეიძინა ავტომობილი Audi A8.
ირაკლი ღარიბაშვილი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ მისმა მეუღლემ ბაკურიანში უძრავი ქონების შესაძენად "ქართუ ბანკისგან" 2019 წელს 137 ათასი ლარის სესხი აიღო, აღნიშნული კრედიტის მომსახურებაზე კი 2023 წელს 26 ათასი ლარი დახარჯა.