სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მეორე მონაკვეთზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 15 კმ-მდე გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
როგორც bm.ge-ის გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება, ასევე რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზასთან დამაერთებელ 2.7 კმ-იან მონაკვეთს, სადაც მიწის ვაკისის სამუშაოები, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს.
„სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.
სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ 11.5 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობა, წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის”, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ცნობითვის, სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.