მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 6-კილომეტრიან მონაკვეთს უახლოეს დღეებში ოფიციალურად გავხსნით"|მინისტრი

რევაზ სოხაძე

"უახლოეს დღეებში ოფიციალურად გავხსნით სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 6-კილომეტრიან მონაკვეთს", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტროსთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც დათქმული ვადების დაცვას, ისე შესრულებული სამუშაოების ხარისხს.

„პროექტების დათქმულ ვადებში განხორციელებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ხარისხი. ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მიუხედავად იმისა, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანია ასრულებს მას, უნდა შესრულდეს უმაღლესი ხარისხით. ხარისხი ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრები უხარისხო პროდუქტში დაიხარჯოს და არ მივიღებთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს პრინციპული დამოკიდებულების ნათელი მაგალითია სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის გურიის მონაკვეთი, რომლის მიღებაც ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნების გამო გადაიდო.

„სამუშაოები დაახლოებით სამი თვის წინ დასრულდა, თუმცა ობიექტი არ ჩავიბარეთ, რადგან ხარისხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები გვქონდა. კონტრაქტორმა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად ყველა ხარვეზი გამოასწორა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი პროექტის დასრულება. უახლოეს დღეებში ოფიციალურად გავხსნით სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 6-კილომეტრიან მონაკვეთს“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტრომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ სამშენებლო კომპანიებისთვის სექტორში საქმიანობა უფრო ხელსაყრელი, კომფორტული და კონკურენტული გამხდარიყო. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მოთხოვნები უცვლელია და თითოეულმა კონტრაქტორმა მკაცრად უნდა დაიცვას როგორც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები, ისე ხარისხის სტანდარტები.

„ჩვენ შევქმენით კომპანიებისთვის გაცილებით უკეთესი პირობები, თუმცა მათგანაც ველით პასუხისმგებლობას. სახელმწიფოს მოთხოვნები ვადებთან და ხარისხთან დაკავშირებით არის მკაფიო და ამ საკითხებში არანაირი კომპრომისი არ იქნება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო უწყებების ხელმძღვანელები რეგულარულად იმყოფებიან სამშენებლო ობიექტებზე, პირადად აკონტროლებენ მიმდინარე სამუშაოებს და აქტიურად არიან ჩართული მონიტორინგის პროცესში, რათა ყველა პროექტი დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს.

ცნობისთვის, სამტრედია–გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12 კმ-იან, 4 ზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.

მაგისტრალური გზა გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე – გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთზე გაივლის.

აღნიშნული მონაკვეთის გახსნა აპრილში იგეგმებოდა, თუმცა როგორც აპრილში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაო ხარვეზიანი იყო და მას ერთ-ერთი ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა.

გზის ამ მონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group-ი მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 დეკემბერში გაიხსნა, ხოლო დარჩენილი 6 კილომეტრის გახსნამ 2026 წლის ზაფხულამდე გადაიწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები