მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი 2027 წელს გაიხსნება - როდის გახსნიან გურიის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთებს?|მინისტრი

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე დარჩენილი რამდენიმე კილომეტრის გზა გაზაფხულზე გაიხსნება, ხოლო რიონზე არსებული ხიდის აღდგენა 2027 წლის დასაწყისში დასრულდება. საუბარია 6 და 3-კილომეტრიან მონაკვეთებზე, რომლებიც ამ დრომდე არაა გახსნილი. რაც შეეხება რიონის ხიდს, ის 2023 წლის 21 თებერვალს ჩაინგრა და მისი აღდგენა ამ დრომდე არაა დასრულებული.

"გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება. იცით, რომ რამდენიმე მონაკვეთია დარჩენილი. გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება გურიის ორი მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. სამტრედიის ხიდის მონაკვეთზეც მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესები და ჩვენ უკვე იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის დასაწყისისთვის ეს მონაკვეთიც იქნება გახსნილი,"- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბოლო 8-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 წლის დეკემბერში გახსნა.

გზის ამ მონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group-ი მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოებმა საბოლოოდ 2025 წლის დეკემბრამდე გადაიწია.

აღნიშნული გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, რადგანაც პროექტზე თავდაპირველი ხელშეკრულება იტალიურ-ყაზახურ საინჟინრო კომპანია Todini-სთან 2017 წლის ივნისში იყო გაფორმებული, თუმცა უკვე 2018 წლის გაზაფხულზე აშკარა იყო, რომ კომპანია სამუშაოებს ფაქტობრივად არ ასრულებდა. კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, ხოლო Todini-სთან ასეულ მილიონიანი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები