"ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე 801-მეტრიანი ორი პარალელური ხიდიდან, ერთი მომდევნო წელს გაიხსნება. ამის შესახებ სოხაძემ პარლამენტში გამართულ ინტერპელაციაზე აღნიშნა. მისი თქმით, ხიდის საბოლოო რეაბილიტაცია და ორი მიმართულებით გახსნა 2027 წლიდან მოხდება.
"ეს არის ხიდის არსებული ხიდის სამუშაოები, რომელიც ცნობილი ხიდია სამტრედიის ხიდი, რომელსაც უწოდებთ. ამ ხიდზეც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ერთი მიმართულებით უკვე დასრულებულია თითქმის ბურჯების რეაბილიტაცია.
მოხდება ამ ხიდის ამ მიმართულების თავიდან ბოლომდე აღდგენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შუალედური გადაწყვეტილებით ერთი მიმართულებით უკვე მომავალ წელს გავხსნით მოძრაობას, ხოლო მთლიანად ამ ორი ხიდის აღდგენით სამუშაოები ალბათ ჩვენ ვარაუდობთ, რომ 2027 წლის დასაწყისში უკვე დასრულებული იქნება.
მკვეთრ პასუხს ვადებთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან ვერ ვამბობ, რომ საკმაოდ რთული ასე ვთქვათ, პირობები არის სამუშაო, მათ შორის მდინარიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს ეს პროექტი,"- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე, მდინარე რიონზე მდებარე 801 მეტრის სიგრძის ხიდი 2023 წლის 21 თებერვალს ჩაინგრა. ხიდის მერვე ბურჯის ჩამოშლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა დასკვნა 2023 წლის დეკემბერში დადეს, რის შემდეგაც მთავრობამ დაიწყო დაზიანებული ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით საინჟინრო და საკონტრაქტო სამუშაოები დაიწყო.
ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს 2024 წელს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" ასრულებს. დაზიანებული ხიდის დემონტაჟი ბიუჯეტს 14 მილიონი ლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანი რეაბილიტაცია კი დაახლოებით 75 მილიონი ლარი უჯდება.





























