სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას განაცხადა.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულება შპს კომპანია ბლექ სი გრუპთან დაიდო.
მინისტრის თქმით, სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სამინისტრო არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას გეგმავს.
რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კარწახის გზაზე, რომლის მდგომარეობაც წლების განმავლობაში პრობლემად რჩება.
„სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბევრი პრობლემა გვაქვს. ერთ-ერთი ასეთია კარწახის გზა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და წლების განმავლობაში მისი მოწესრიგება ვერ მოხერხდა. რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად უკვე გამოვაცხადეთ 200 მილიონი ლარის ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. ჩვენი მიზანია, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაში“, - განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, რეგიონში საგზაო პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რათა ეტაპობრივად მოგვარდეს არსებული პრობლემები და გაუმჯობესდეს გადაადგილების პირობები.
ამჟამად მიმდინარეობს ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია. ამასთან, დაგეგმილია სხვა საგზაო პროექტების განხორციელებაც.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მისივე თქმით, აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბუნებრივი გარემოს აღდგენას, მათ შორის, ტყის აღდგენით სამუშაოებს, რომლებიც შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობით დაიგეგმება.
„აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ჩვენი მიზანია, აქ ერთ-ერთი საუკეთესო საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს აღდგენა, მათ შორის, ტყის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამის უწყებასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას, რათა გზის გახსნის დროისთვის ეს სამუშაოებიც განხორციელებული იყოს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი. გათვალისწინებული ხუთი ახალი ხიდიდან სამის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დანარჩენი ორი ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ფერდების ფორმირება. პროექტს ახალი კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.
აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბაღდათის მიმართულებით უკვე დასრულებულ საგზაო მონაკვეთთან ერთად, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დააკავშირებს.
ახალი გზა საშუალებას მისცემს სატრანზიტო ავტოტრანსპორტს, გადაადგილდეს კურორტის გვერდის ავლით, რაც შეამცირებს აბასთუმნის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და კურორტის განვითარებას.
რევაზ სოხაძე საგზაო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სოხაძის განცხადებით, აბასთუმანში რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებულ ცალკეულ ობიექტებზე პრობლემები კვლავ არსებობს და სამინისტრო მათ გამოსწორებას გეგმავს.
„სამწუხაროდ, იმ ობიექტებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, კვლავ არსებობს გარკვეული პრობლემები. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ ხარვეზებს აუცილებლად გამოვასწორებთ. ამისთვის საჭიროა სამუშაოების სწორად დაგეგმვა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა შესაბამისი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა მინისტრმა.
აბასთუმანში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებისა და ისტორიული შენობების რეაბილიტაცია. ამჟამად სამუშაოები რუსთაველის, ასათიანისა და ფალიაშვილის ქუჩებზე, 16 მისამართზე ხორციელდება.
ამასთან, მზადდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს შენობების აღდგენასა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას. დაგეგმილია როშა პარკის გაფართოება, რუსთაველის ქუჩაზე ამფითეატრის, ხოლო ასათიანის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკებისა და ბულვარის ტიპის სასეირნო სივრცის მოწყობა
მინისტრი ახალციხეში სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებსაც გაეცნო. ქალაქში მიმდინარეობს ტექნიკური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და დაგეგმილია არსებული სტადიონის რეაბილიტაცია.
მინისტრის განცხადებით, ტექნიკური საფეხბურთო მოედნების პროექტები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც - ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში - ხორციელდება.
























