მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამუშაო ადგილები სოციალურად პასუხისმგებლიანმა ბიზნესებმა უნდა შექმნას, მაგრამ როგორ?"

5d73ab4ed393c
BM.GE
07.09.19 17:00
5328

"ბიოდიზელი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, მურმან პატარაია პრემიერ მინისტრობის კანდიდატის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი გახარია სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხრიდან სამუშაო ადგილების შექმნაზე საუბრობს.

ბიზნესმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"აბსოლიტურად ვეთანხმები ბატონ გახარიას ამ მიდგომაში, დიახ სამუშაო ადგილები სწორედ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესებმა უნდა შექმნას, მაგრამ ისმის კითხვა თუ როგორ?

პრობლემები ბევრია, თუმცა გონივრული და ენერგიული მიდგომით სრაფად შეიძლება მათი აღმოფხვრა, ვფიქრობ, მომავალ პრემიერს უნდა გავუზიაროთ მნიშვნელოვანი საკითხები (განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა და სტარტაპებმა, რადგან ჩვენ უფრო გვიჭირს წვდომა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და სტრუქტურებთან)მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და შევთავაზოთ ამ პრობლემების დროულად და ეფექტურად გადაჭრის გზები.

აქვე, მინდა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას ,რომ ჩემი ინოვაციური სტარტაპი „ბიოდიზელი ჯორჯია“ უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში აწარმოებს(მცირე რაოდენობით ნედლეულის სიმწირიდან გამომდინარე მაგრამ მაინც) ეკოლოგიურად სუფთა, ეკომეგობრულ ბიოსაწვავს-ბიოდიზელს. ჩემს პროექტს ორმაგი სიკეთე მოაქვს საზოგადოებისთვის, ერთის მხრივ უტილიზაციას ვუკეთებთ მეორეულ საკვებ ზეთს(რომელსაც არაკეთილსინდისიერი ფერმერები იყენებენ ცხოველთა(ფრინველთა)კვებაში და მერე ჩვენ გვწამლავენ კარცეროგენებით და აკრილამიდებით გაჟღენთილი ხორცით), ხოლო მეორე სიკეთე მდგომარეობს ბიოდიზელის წარმოებაში, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ეკომეგობრულ საწვავად არის აღიარებული.

ბიოსაწვავის წარმოების დაწყებას საქართველოში თავისი პატარა ისტორია აქვს, თავიდან გვსურდა შემოგვეტანა იგი ევროპიდან, ჩვენს დედაქალაქში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ჩემმა ევროპელმა პარტნიორებმა მოკრძალებული უარი მითხრეს პასუხად, მიზეზად კი დამისახელეს, რომ „ბიოდიზელი უამრავი დადებითი მახასიათებლის გამო ევროკავშირის სივრციდან საერთოდ არ გაგვაქვსო - პოლიტიკა გვაქვს ეგეთიო“, მაგრამ ნედლეული თუ გაქვთ(მეორეულ ზეთს გულისხმობდნენ) რამდენიც გინდათ გამოაგზავნეთ შევიძენთო. ამ საუბრის მერე მოგვეცა სპორტული ინტერესი, რომ წარმოების ტექნოლოგია ჩამოგვეტანა და დაგვენერგა საქართველოში, ესეც მოვიქეცით და დღეს ბიოდიზელი ამიერკავკასიაში მხოლოდ საქართველოში იწარმოება.

ბატონო გიორგი, კარგად მოგეხსენებათ, თუ რა მძიმე მდგომარეობა აქვს ჩვენს ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ენერგორესურსები ძალიან მწირია, ამ დროს კი მე მყავს უცხოელი კონკურენტი, რომელსაც საქართველოს გარეთ, ჰოლანდიაში წლებია გააქვს ძვირფასი ნედლეული იგივე ბიოდიზელის წარმოების მიზნით და საკამოდ დიდი თანხასაც უხდიან, ქვეყანაში კი 2 ადამიანი ყავთ დასაქმებული(ისიც ზეთის შემგროვებლად) სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მე კი ადგილობრივ ენერგორესურსის მწარმოებელს და ბიზნესს, რომელსაც 50 მდე ადამიანი მყავს დასაქმებული არათანაბარ პირობებში მიწევს კონკურენტებთან ბრძოლა, თან იმ დროს, როდესაც ქვეყანა სრულად იმპორტირებულ ნავთობზეა დამოკიდებული.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თუ ჭარბი ელექტროენერგია არ წარმოიქმნა არავის აქვს უფლება მიყიდოს იგი მეზობელ ქვეყანას, ან ზოგადად ვინმეს (ჭარბი ელექტრო ენერეგია მხოლოდ ზაფხულში გამომუშავდება). სწორედ მსგავსი ტიპის მიდგომა სჭირდება სახელმწიფოს სხვა ენერგორესურსებთან მიმართებაში. როდესაც ქვეყანაში გაქვს ბიოდიზელის წარმოება, ესე მარტივად ვერ უნდა შეძლოს ვერავინ ამ ძირფასი ნედლეულის ქვეყნიდან გატანა და გარკვეული უპირატესობები სწორედ ადგილობრივ წარმოებას უნდა მიანიჭოს სახელმწიფომ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხოლოდ საქართველოში ვახდენთ წარმოებული ბიოდიზელის რეალიზაციას და არ გაგვაქვს იგი ქვეყნიდან.

სწორედ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭრა იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნების ნათელი მაგალითი მომავალო პრემიერო, დარწმუნებული ვარ სხვა ბიზნესებსაც ექნებათ მსგავსი პრობლემები და ისინი თავის მხრივ ისაუბრებენ ამ თემებზე.

დიახ, ჩვენ ვიქნებით კარგი დამსაქმებლები და კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ მუშახელს დავასაქმებთ, ასევე გადავამზადებთ(მე ჩემის მხრივ წარმოების სრულად დატვირთვის შემთხვევაში შემიძლია 200 მდე ადამიანის დასაქმება) უბრალოდ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია თქვენთან, გვჭირდება მხარდაჭერა თქვენგან და ის, რომ მოგვისმონოთ. ჰაერივით გვჭირდება საკანონმდებლო ჰარმონიზაციაც სხვადასხვა კუთხით, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ, განსაკუთრებით კი იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ქმნიან საქართველოში ენერგორესურსებს.

მეორე წელია სხვადასხვა დონეზე ვსაუბრობ ამ პრობლემებზე, თუმცა პროცესი ხშირ შემთვევაში ან ძალიან ნელა, ან საერთოდ ვერ მიდის წინ(მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ახლობელი/ნაცნობი მყავს როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო რგოლში). მაქვს ურყევი იმედი და რწმენა, რომ სწორედ თქვენ იქნებით ის ადამიანი, ვინც ყურადღებას გაამახვილებთ ამ და მსგავს საკითხებზე, ვინც მოგვისმენთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და გაიზიარებთ ჩვენს წინადადებებს, რომელიც მხოლოდ ჩვენს „კარგად ყოფნაზე“ კი არა, საზოგადოების კეთილდღეობაზე და ქვეყნის სიძლიერეზე იქნება ორიენტირებული.

არ ვიცი ჩემი ეს მოკრძალებული სიტყვა თქვენამდე მოვა თუ არა მომავალო ბატონო პრემიერიო,(ან ვინმე მიიტანს თქვენამდე თუ არა) მაგრამ მიმაჩნია, რომ სათქმელი უნდა ითქვას, საქმეც უნდა გაკეთდეს და პურიც უნდა იჭამოს"-აცხადებს "ბიოდიზელი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მურმან პატარაია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები