კომპანია „მაგთიკომში“ ამბობენ, რომ ტექნიკური პერსონალი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა. „დღეიდან ინჟინერ-ტექნიკოსები ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდნენ სამუშაოს. "მაგთიკომში" სამუშაო პროცესი სრულად აღდგა“, - უთხრეს bm.ge-ს კომპანიაში.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომელიც კომპანიასა და ტექნიკურ პერსონალს შორის ხელფასების საკითხზე უნდა გაიმართოს, კომპანიაში ამბობენ: „ვთანხმდებით სამუშაო მოდელის გადახედვაზე“.
შეგახსენებთ: 13 იანვარს დაწყებული საპროტესტო აქცია „მაგთიკომის“ თანამშრომლებმა დროებით შეწყვიტეს. როგორც bm.ge-ს პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, თორნიკე ებილაშვილმა განუცხადა, კომპანიის მხრიდან აქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია შედგა და შეხვედრებიც უკვე ჩაინიშნა, სადაც უნდა გადაწყდეს, პრობლემები როგორ მოგვარდება.
თორნიკე ებილაშვილის ინფორმაციით, 300-მდე თანამშრომლიდან ნაწილი ამბობს, რომ შეთავაზებული თუნდაც ახალი პირობებით მუშაობა არ უღირს და სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა, ხოლო ნაწილი სამუშაოდ გავიდა, თუმცა დროებით, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„კომპანიისგან შედგა კომუნიკაცია ჩვენთან, დაგვპირდნენ ხელფასის მომატებას საბონუსე სისტემის ცვლილებით, რაც ჩვენთვის მისაღებია. თუმცა ვიდრე პროცესი ბოლომდე არ მივა, რა თქმა უნდა პროტესტის შეწყვეტა დროებითია“, - ამბობს თორნიკე ებილაშვილი და დასძინა, რომ მოლაპარაკებები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს.

























