მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო სივრცეები, რესტორნები და ბარები... - „აჭარა ჯგუფის“ განვითარების სტრატეგია

63bab879abe4c
თათია კაკიაშვილი
08.01.23 16:37
1455
"აჭარა ჯგუფი" მომდევნო წლის განმავლობაში მთავარ მიზნად მომხმარებლისთვის ახალი სერვისების, პროდუქტების და სამუშაო სივრცეების შეთავაზებას ისახავს. საქართველოში სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი კომპანიის 2023 წლის სტრატეგიაზე "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ოთო ბერიშვილმა და  Adjara Group-ის რესტორნების და ბარების კომპანიის დირექტორმა ნათია ჩიკვილაძემ BMGtv-სთან ისაუბრეს. 

ოთო ბერიშვილის თქმით, ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰოლდინგის ფარგლებში ყველა პროდუქტი იქნება ეს სასტუმროები და ბარები თუ სამუშაო სივრცეების მიმართულება თანაბარად იყოს განვითარებული. 

„ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში ყოველდღიური მომხმარებლებისთვის, სტუმრებისა და უცხოელი ვიზიტორებისთვის ისეთი ტიპის სერვისების, სივრცეების და პროდუქტების შექმნაა, რომლებიც მათი ცხოვრების წესს ხარისხობრივად კიდევ უფრო გააუმჯობესებენ. ამგვარად, ჯგუფში სამუშაო სივრცეების მიმართულების განვითარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჩვენთან აქამდე უფრო დასასვენებლად მოდიოდნენ, თუმცა ჩვენთვის სერვისებსში სამუშაო ნაწილის შემოტანა მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რაც ახალ საინტერესო სივრცეებს - თბილისის სხვადასხვა უბნებში და მომდევნო წლებში - სხვადასხვა ქალაქშიც გულისხმობს“, - განაცხადა ოთო ბერიშვილმა.

რაც შეეხება ბარ-რესტორნების მიმართულებას, ამ კუთხით პროექტების განვითარებისთვის ჰოლდინგურმა კომპანიამ აჭარა ჯგუფის რესტორნებისა და ბარების კომპანია დააფუძნა, რომელიც ამ კონკრეტული მიმართულების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული. შვილობილი კომპანიის დირექტორი ნათია ჩიკვილაძე აღნიშნავს, რომ მენეჯმენტს განვითარების სტრატეგია რამდენიმე მიმართულებით აქვს გააზრებული.  

„ბევრი ვიფიქრეთ - რა სტრატეგიით უნდა შევდგომოდით 2023 წელს მუშაობას და ის ძირითადი მიმართულებები ჩამოვაყალიბეთ, რომელზეც აქცენტის გაკეთება გვინდა. ერთ-ერთი ასეთი, რომელიც ამავდროულად ქვეყნის განვითარებისთვისაც ხელისშემწყობი იქნება, კომპანიაში ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნის გაზიარებაა. ჩვენი გეგმაა, შევქმნათ ისეთი პლატფორმები, რომლებიც ამ მიზნის შესრულებაში დაგვეხმარება. ეს კი ქვეყანაში ბარ-რესტორნების ინდუსტრიის განვითარების და მეტი ახალგაზრდის დასაქმების ხელშემწყობი იქნება, რომელიც მომავალში ჩვენივე კომპანიაში შეძლებს განვითარებას“, - განმარტა Adjara Group-ის რესტორნების და ბარების კომპანიის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები