თქვენი აზრით, რომელი ფაქტორები განაპირობებს [სამუშაოს მაძიებელ] აპლიკანტთა არასაკმარის რაოდენობას? - ეს კითხვა საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებს BAG ინდექსის IV კვარტალის კვლევისას დაუსვეს. შედეგების თანახმად, უმთავრესი მიზეზი კადრების საზღვარგარეთ გადინებაა (74%).
რომელია ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორი - BAG
საქმე ის არის, რომ 2025 წლის IV კვარტალის გამოკითხვაში, კომპანიებისთვის შრომითი რესურსების საჭიროების და კადრების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეების შესაფასებლად BAG ინდექსის კითხვარში დამატებითი კითხვები ინტეგრირდა.
გამოკითხული კომპანიების 62%-ის აზრით, არ ხდება საკმარისი რაოდენობის კადრების/სპეციალისტების მომზადება, ხოლო 44%-ს მიაჩნია, რომ კადრები მომიჯნავე სექტორებში გაედინება.

BAG ინდექსის მიხედვით, აპლიკანტთა საზღვარგარეთ გადინების პრობლემა ყველაზე ხშირად მრეწველობის (86%) და ვაჭრობის (85%) სექტორებში ფიქსირდება. ხოლო მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში კომპანიათა ყველაზე დიდი ნაწილი (80% და 70%, შესაბამისად) მიიჩნევს, რომ სექტორში აპლიკანტთა არასაკმარის რაოდენობას არასაკმარისი რაოდენობის კადრების მომზადება განაპირობებს.
კითხვარის მეშვეობით, კომპანიებმა ასევე, შეაფასეს მომიჯნავე სექტორებში კადრების გადინების სიმწვავე. სექტორებს შორის, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა მომსახურების სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 41%-ისთვის. მაღალი კვალიფიკაციის კადრების გადინების პრობლემას მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში გამოკითხულთა 20% და 17% შესაბამისად, განსაკუთრებით მწვავედ აფასებს. რაც შეეხება საშუალო კვალიფიკაციის კადრების გადინების პრობლემას, ყველაზე მწვავე მომსახურების და მრეწველობის სექტორებისთვის აღმოჩნდა (ძალიან მწვავეა 14%-ისა და 13%-ისთვის, შესაბამისად).
BAG-ინდექსის შედგენაში ჩართულ კომპანიებს ასევე კითხვები დაუსვეს, კადრების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეების განმაპირობებელ ფაქტორებთან დაკავშირებით.
2025 წლის IV კვარტალში გამოკითხულმა კომპანიებმა, ყველაზე ხშირად დაასახელეს შემდეგი სამი ფაქტორი: აპლიკანტების მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინი (57%), აპლიკანტების არასაკმარისი უნარები (56%) და აპლიკანტების არასაკმარისი რაოდენობა (55%). რაც შეეხება კონკურენციას სხვა დამსაქმებლებთან, ეს ფაქტორი, 2023 წლის IV კვარტალის მსგავსად, 2025 წელსაც ყველაზე იშვიათად დასახელდა კადრების მოძიების სირთულის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის.

BAG-ის კვლევის თანახმად, საჭირო კადრების მოძიებასთან დაკავშირებული პრობლემების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები სექტორებს შორის მცირედით განსხვავებულია. მრეწველობის და მომსახურების სექტორებისთვის ყველაზე ხშირად დასახელებული ფაქტორია აპლიკანტების მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინი (82% და 61%, შესაბამისად). მომსახურების სექტორში, აპლიკანტების მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინთან ერთად, განმაპირობებელ ფაქტორებად დასახელდა აპლიკანტების არასაკმარისი ცოდნის დონე (61%). მშენებლობის სექტორისთვის ყველაზე ხშირად დასახელებული ფაქტორი აპლიკანტების არასაკმარისი უნარები აღმოჩნდა (71%), ხოლო ვაჭრობის სექტორისთვის - აპლიკანტების არასაკმარისი რაოდენობა (63%).
ცნობისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნესასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG
ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების 1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნესკლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.




























