მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, პირბადის ტარების კონტროლი სუსტია - ივანე ჩხაიძე

61ddb0b66c8f8
მარიამ ადამია
11.01.22 20:20
530
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება არ გაუქმებულა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 20%-30%-მდეა შემცირებული, მაშინ როცა 70%-80% მაინცაა საჭირო.

როგორც გადაცემა "საქმიან დილაში" ჩხაიძემ აღნიშნა, პირბადის ტარების კონტროლი, სამწუხაროდ, სუსტია.

“კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოს სხდომების ფარგლებში გვაქვს. ვერ გეტყვით, მიმდინარეობს თუ არა პირბადეების ტარების კონტროლის მექანიზმის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბარი ან თუ იგეგმება მისი განხილვა. ფაქტი ის არის, რომ ამ თემაზე საუბარს აზრი ნამდვილად აქვს, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი ქმედითი გზა ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებისთვის”, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ვაქცინაციის დაბალ ტემპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობაც ხელიდან არის გაშვებული, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გარკვეული გეგმა არსებობს იმისათვის, რომ ივნისისთვის ორჯერ მეტი ადამიანი იყოს ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილი.

“არსებობს გარკვეული გეგმა თუ როგორ შეიძლება 2022 წლის დასაწყისში ვაქცინაციის ხელშეწყობა, საუბარია ფინანსური წახალისების ამოქმედებაზე, თუნდაც გაფართოებაზე. ასევე გადაიხედება მწვანე პასპორტების სისტემა, რადგან გარკვეული კორექციებია შესატანი. თუმცა მე არ მგონია, რომ არსებობს რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას, მაგრამ დამატებითი მექანიზმებისა და კონტროლის გამკაცრებით, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 486 და გამოჯანმრთელების 2 893 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 46 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები