სამხედრო სამსახურის მოუხდელად საჯარო სამსახურში დანიშვნისას შეზღუდვები დაწესდება
BM.GE
16.02.19 19:00
• 4670
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მათ ვისაც სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ, შესაძლოა, საჯარო სექტორში დანიშვნისას შეზღუდვები შეეხოთ.
შესაბამის ცვლილებებს "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომლის წარდგენას მთავრობა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გეგმავს.
"კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური. ასევე, კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია", – ნათქვამია კანონპროექტის ანოტაციაში.
გარდა ამისა, სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმართულებით სხვა ცვლილებებიც იგეგმება. მაგალითად, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით.
"გარდა ამისა, დაწესდება პასუხისმგებლობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხოლო ჯარიმად განისაზღვრება 2000 (ორი ათასი) ლარი", – წერია მთავრობის განსახილველ გეგმებში.
აღნიშნული კანონპროექტების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.