საქართველო "სამხრეთი-დასავლეთის" მარშრუტზე ტვირთების გატარებისთვის მინიმალურ ტარიფს აიღებს,- ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, განცხადება ბატაძემ სხვადასხვა ქვეყნის რკინიგზის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის, უკრაინის, პოლონეთისა და ირანის რკინიგზის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მამუკა ბახტაძის თქმით, ამ მარშრუტზე საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების გადაზიდვის ტარიფი ერთ კონტეინერზე 123 დოლარს შეადგენს.
"ეს მინიმალური ტარიფია, რასაც საქართველოს რკინიგზა იღებს. შიდა გადაზიდვებზეც კი უფრო მაღალი ტარიფებია. ეს კარგად აჩვენებს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ამ დერეფანს",- აცხადებს ბახტაძე.
მისივე თქმით, პროექტში ინდოეთის ინტეგრაცია კრიტიკულად აუცილებელია.
"აუცილებელია კონკრეტულ ციფრებზე და ამოცანებზე კონცენტრირება, რამდენადაც ბაზარი ამ ლოგისტიკური პროდუქტს ელოდება",- აღნიშნა ბახტაძემ.
"სამხრეთი-დასავლეთის" სატრანსპორტო კორიდორის შესახებ შეთანხმება 2016 წელს ბაქოში გაფორმდა საქართველოს, აზერბაიჯანს, ირანსა და უკრაინას შორის. დერეფანი საშუალებას იძლევა ინდოეთიდან ევროპის მიმართულებით სარკინიგზო გადაზიდვების დრო 2-3-ჯერ შემცირდეს და დაახლოებით 7 დღე შეადგინოს.

























