4 ივნისს, სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბის - BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მან ხაზი გაუსვა სან-ფრანცისკოში, რომელიც ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალურ სიმბოლოს წარმოადგენს, ქართული ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას.
„ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება. ეს ხიდი, რომელიც დღეს ოფიციალურად იხსნება, უნდა იქცეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და შესაძლებლობების, არამედ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ძლიერ ინსტრუმენტად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რეგიონში ეკონომიკური ზრდის, ახალი შესაძლებლობების და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა.
„დღეს საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად ითვლება ბიზნესის დასაწყებად, რადგან რეგულაციები მარტივია და სახელმწიფო სერვისები კი ციფრულად განვითარებული. ეს ქმნის რეალურ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყვნენ სან-ფრანცისკოს მერი, დენიელ ლური და გლობალური სტარტაპ აქსელერატორის Plug and Play-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საიდ ამიდი.
BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.




























