"მწვანე სკოლის“ დამფუძნებელი ბაკურ სულაკაური ფიქრობს, რომ „ვიდრე პოლიტიკური თანამდებობის შვილები კერძო სკოლებში სწავლობენ, საჯარო სკოლები არ განვითარდება“. ამის შესახებ მან BMGVTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა. კერძო სკოლის მმართველი პარტნიორის აზრით, საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხის გაზრდისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, მთავრობას ხედვა გააჩნდეს.
- ყველა მოქალაქეს, ყველა მშობელს არ აქვს ფინანსური საშუალება, რომ შვილი კერძო სკოლაში ატაროს და წლიურად, რამდენიმე ათასი ლარი გადაიხადოს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება, საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხი კერძო სკოლისას, მინიმუმ, დაუახლოვდეს?
- კარგი კითხვაა... ვფიქრობ, უნდა არსებობდეს კონცეფცია, ხედვა, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ბუნებრივია, შეიძლება, მეც და სხვასაც გარკვეული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ პირველ რიგში, ხედვა უნდა ჰქონდეს მთავრობას... სანამ მთავრობის წევრების, პოლიტიკური თანამდებობის შვილები, უკლებლივ, კერძო სკოლებში სწავლობენ, საჯარო სკოლები არ განვითარდება.
- თუმცა მხოლოდ თანამდებობის შვილების საჯარო სკოლებში შეყვანა ავტომატურად სკოლებში ხარისხს ვერ გაზრდის...
- რა თქმა უნდა, მაგრამ მერე შეიძლება ვიღაცამ იმაზეც იფიქროს, რომ საჯარო სკოლებსაც უნდა მიხედვა. მით უმეტეს, საჯარო სკოლებში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, მაგრამ იმის გამო, რომ თვითონ ეს სისტემა არის არეული, ამ მასწავლებლების მუშაობის შედეგი მკაფიოდ არ ჩანს და ამ საერთო ორომტრიალში იკარგება.
- „რატომ არ დაგყავთ შენი შვილი საჯარო სკოლაში თუ იქ სწავლის ხარისხი კარგია?“ - ხშირად უკითხავთ მინისტრებისთვის, მათ შორის განათლების მინისტრებისთვის...
- ყველაფერი შედარებითია, გააჩნია ვის ვედრებით. თუ საჯარო სკოლას შევადარებთ კერძო სკოლას, კერძო სკოლა აბსოლუტურად ყველა პარამეტრით სჯობს საჯარო სკოლას, როგორიც არ უნდა იყოს საჯარო სკოლას; სამაგიეროდ, თუ ჩვენ საჯარო სკოლას შევადარებთ რეგიონის საჯარო სკოლებს, მაგალითად, მეზობელი ქვეყნების სკოლებს, ამით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რადგან ვნახავთ, რომ არც ისე ცუდად გვაქვს საქმე.