„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან გოცირიძის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძლებულები არიან, TBC ბანკში საკუთარი წილები გაყიდონ.
ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს.
„სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იძულებულნი არიან, გაყიდონ TBC ბანკში თავიანთი წილები და მოლაპარაკებები დაწყებულია მყიდველებთან. საუბარია ამერიკულ ბანკ ”jp morgan”-ზე და EBRD-ზე.
თუ ეს სიმართლეა, აღნიშნული ფაქტი ცდება საბანკო თემატიკას და უფრო სერიოზულ და საგანგაშო მოვლენასთან გვაქვს საქმე.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბანკის ხელმძღვანელობამ უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს, bm.ge ამის გასარკვევად, TBC ბანკს დაუკავშირდება.
ცნობისთვის: 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, TBC ბანკის ბენეფიციარ მესაკუთრეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს, წარმოადგენდნენ:
მამუკა ხაზარაძე - 13.52%
ბადრი ჯაფარიძე - 6.76%
European Bank for Reconstruction and Development - 8.17%
JPMorgan Asset Management - 8.43%
Schroder Investment Management - 7.74%
Dunross & Co - 5.50%.
TBC ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე რეგისტრირებული კომპანიის, თიბისი ბანკის ჯგუფის, ძირითადი შვილობილი კომპანია.
ბანკის კლიენტების რაოდენობა 2 მილიონს აღემატება. "თიბისი ბანკი" საქართველოს მასშტაბით ფლობს 159 ფილიალს, 2,790 თვითმომსახურების ტერმინალს და 480 ბანკომატს.
ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო დამსაქმებელიცაა, ბანკში 7000 ადამიანი მუშაობს.

























