მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან

მამუ
24.06.26 16:10
26

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

სანდრო მამუკელაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ფორმულა - “არ გაჩერდე”, ზუსტად შეესაბამება.

და რას ნიშნავს ეს ფორმულა?

ეს არის შინაგანი სიმტკიცე - გონებისა და სხეულის მუხტი, რომელიც გამოუცდელი გამოწვევებით სავსე სამყაროში დანებების უფლებას არ გაძლევს. მაშინაც კი, როდესაც სიტუაცია გამოუვალი ან გადაულახავი გეჩვენება; მაშინაც კი, როდესაც გონებაში ის ფიქრი ისადგურებს, რომ ჩვენი ჟინი, შესაძლოა, ამაოა.

რიგითი გულშემატკივრისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორი წნეხის, რაოდენ მძაფრი კონკურენციის პირობებში უწევთ NBA-ის კალათბურთელებს ასპარეზობა და თუ რამდენად ძვირად ფასობს თითოეული ფეხის დაცდენა.

და რამდენადაც უნდა გვახსოვდეს, რომ შეცდომა ადამიანურია, NBA-ში პატიებას არ უნდა ელოდო - აქ მორიგი შანსი ხელახლა უნდა გამოიმუშაო.

NBA-ში თამაში, საკუთარი ადგილის დამკვიდრება და თვითდამტკიცების სურვილი ტიტანურ შინაგან ძალას, სიმშვიდეს, მოთმინებას, დისციპლინასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. კობი ბრაიანტის ფილოსოფიით თუ ვიმსჯელებთ, თითოეული დაკარგული წამი იმას ნიშნავს, რომ შენმა კონკურენტმა ვარჯიში არ ჩააგდო და უკვე შენზე წინ არის.

და სწორედ ამ გამალებული კონკურენციის ფერხულში, სანდრო მამუკელაშვილი წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. იგი არ უფრთხის სიახლეებს და როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა, მუდმივად ეძებს იმ სივრცეს, სადაც საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებასა და ძალების მაქსიმალურ დემონსტრირებას შეძლებს.

შეუძლებელია, სანდროს კარიერას თვალყური მიადევნო და მისი მუდმივი პროგრესი თვალში არ მოგხვდეს. ქრონოლოგიურად გადავხედოთ: 2021 წლის დრაფტზე იგი “ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, თუმცა რეალურად კარიერა NBA-ის იმჟამინდელ მოქმედ ჩემპიონში, “მილუოკი ბაქსში” დაიწყო, სადაც ვარსკვლავური შემადგენლობა და უდიდესი კონკურენცია დახვდა. ნდობის მოსაპოვებლად მას G-ლიგაში თამაშიც მოუწია, სადაც ბრწყინვალე ასპარეზობით ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ადგილი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ასოციაციაში იყო. ამას მოჰყვა გარდამტეხი ეტაპი - ტრანსფერი “სან ანტონიოში“ და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ასპარეზობა - მის ხელში მამუმ უდიდესი გამოცდილება მიიღო. “სან ანტონიოს” პუბლიკამ სანდრო შეიყვარა, თუმცა მამუს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა, ამიტომაც მორიგ გაჩერებად “ტორონტო რაპტორსი” აირჩია - საჯაროდაც დაადასტურა, რომ სხვა კლუბებისგან უკეთესი ფინანსური შეთავაზების მიუხედავად, გასული სეზონის სტარტზე არჩევანი “ტორონტოზე” შეაჩერა.

მორიგმა ნაბიჯმა დაგვანახა, რომ მამუ პარკეტს მიღმა სწორ ნაბიჯებს დგამს: გასული სეზონი მის კარიერაში გამორჩეული გამოდგა. კანადურ კლუბში სანდრო პარკეტზე 80 შეხვედრაში ვიხილეთ, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია. მამუმ სეზონი ბრწყინვალე სტატისტიკით დაასრულა: საშუალოდ 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი გადაცემა. მან გუნდთან ერთად უმძიმესი პლეი-ოფიც გამოიარა, სადაც “ტორონტოს“ მაისურით ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მისი კლუბი დრამატულ Game 7-ში, “კლივლენდ კავალიერსთან“ უშეღავათო ბრძოლაში დამარცხდა.

რა იქნება მომავალ სეზონში? მამუს კონტრაქტი კანადურ კლუბთან აკავშირებს, თუმცა "ტორონტოსთან" შეთანხმების მიხედვით, მამუკელაშვილს აქვს უფლება, ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდეს და კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს. როგორც მინიმუმ, სანდროს უკვე მოპოვებული აქვს “ტორონტოს“ მთავარი მწვრთნელის, დარკო რაიაკოვიჩის სრული ნდობა და კლუბის ხელმძღვანელობის სიმპათია, თუმცა უდიდესი ალბათობით, მამუკელაშვილი სხვა კლუბებისგან გაცილებით უფრო სარფიან შემოთავაზებებს მიიღებს (ამის შესახებ ამერიკულ მედიაში ხშირად იწერება) და ახალ სეზონში იგი სხვა კლუბის მაისურს მოირგებს.

ოკეანის მიღმა მიღებული უდიდესი გამოცდილება და თავდაჯერება მამუკელაშვილს ეროვნული ნაკრებისთვის სულ უფრო და უფრო ფუნდამენტურ ფიგურად აქცევს - ლიდერული თვისებები მან გასულ ევრობასკეტზე ნათლად დაგვანახა.

ზაფხულში, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი აქვს გასამართი. უდიდესი ალბათობით, მამუს ეროვნულ ნაკრებში ვიხილავთ. 2 ივლისს, გასვლით შეხვედრაში უკრაინას ვეთამაშებით, 5 ივლისს კი საშინაო არენაზე ესპანეთს ვუმასპინძლებთ. დანიასთან მოპოვებული ორი გამარჯვებით, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლის დიდი შანსი გვაქვს, ასე რომ, მამუ და მთელი ეროვნული ნაკრები მორიგი გამარჯვებებისკენ არიან მიმართულები.

ჯიკიჩის მიერ დასახელებული 19-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

  1. მარკისრიდი (ტრაბზონსპორი, თურქეთი);
  2. რატიანდრონიკაშვილ (ალფტანესი, ისლანდია);
  3. გიორგიოჩხიკიძე (ბათუმი);
  4. ლუკაალავიძე (ქუთაისი);
  5. დუდასანაძე (პალმერ ბასკეტი, ესპანეთი);
  6. სანდროსანაძე (მარგვეთი);
  7. გიორგიკობახიძე (მარგვეთი);
  8. კახაბერჯინჭარაძე (ქუთაისი);
  9. ალექსანდრეფევაძე (თსუ);
  10. სანდრომამუკელაშვილი (ტორონტო, NBA);
  11. თორნიკეშენგელია (ბარსელონა, ესპანეთი);
  12. ბექაბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი);
  13. გიორგიკორსანტია (გიპუზკოა ბასკეტი, ესპანეთი);
  14. ალექსანდრემერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია);
  15. ცოტნეცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია);
  16. გიორგიტურძილაძე (თსუ);
  17. რომანჭინჭარაული (მარგვეთი);
  18. ვილიისიანი (რუსთავი);
  19. გოგაბითაძე (ორლანდო, NBA).

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე. საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები