მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანდრო ონოფრიშვილი: გუდაური უმაღლესი რანგის შეჯიბრებებისთვის ემზადება

58cbfc2123e69
BM.GE
19.03.17 16:00
3442
სამთო კურორტებზე ვიზიტორთა აქტიოვობის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ესაუბრება.

- ბატონო სანდრო, როგორ მიმდინარეობს სეზონი, რომელიც ფინალს უახლოვდება?

- ჯერ ბოლოსკენ არ გავდივართ, ახლა დაბალი სეზონი დაგვეწყო. ჩვენ ყველა სათხილამურო კურორტზე ბილეთები უკვე გაიაფდა, დამსვენებლები ჯერ კიდევ ისევ არიან. წელს გუდაურში უპრეცედენტო რაოდენობის დამსვენებელი იყო. როგორც მე ინფორმაცია მაქვს, მთელი სეზონის განმავლობაში ყველა სასტუმრო თითქმის სავსე იყო. ამ დღეებში უკვე სასტუმროების ფასებიც დაბლა ჩამოვიდა, რადგან თოვლის რაოდენობა შემცირდა და მოთხოვნამაც იკლო. როგორც ვფიქრობ, უახლოეს დღეებში როგორც კი მოთოვს ტურისტების რაოდენობა ჩვენ კურორტებზე ისევ გაიზრდება.

- სტატისტიკის მიხედვით, მესტიაში ვიზიტორების რაოდენობამ 12 000 შეადგინა, ეს კარგი ციფრია?

- არა, კარგი ციფრი ნამდვილად არ არის. ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ კურორტებს მეტი პოტენციალი გააჩნიათ. ვფიქრობთ, რომ ამ თემაზე პირველი წელი იყო, როდესაც საფუძვლიანად გაიხსნა თეთნდულდი. ვიზიტორებმა ნახეს თუ როგორი კურორტია და ჩემი აზრით, ვიზიტორების რაოდენობა მომდევნო სეზონში 4-5-ჯერ მაინც გაიზრდება. რასაკვირველია სარეკლამო რგოლები და პიარ-აქციები იყო, თუმცა ყველაფერს ერთი ნახვა ჯობია. ვფიქრობთ, რომ ის უცხოელი ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან აუცილებლად დაბრუნდებიან და სხვებსაც კი ჩამოიყვანენ, რომლებიც ჩვენ კურორტებზე ისიამოვნებენ.

- რა თანხა დაიხარჯა წელს სარეკლამო კამპანიაში?

- მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა დაიხარჯოს სარეკლამო-რგოლებში, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს მსოფლიოში რა სიმდიდრე გვაქვს ჩვენ ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტებით, ბუნებით და იმ ახალი ინფრასტრუქტურით, საბაგიროების ვგულისხმობ, რომელიც ჩვენ სამთო კურორტებზე გვაქვს. ეს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ტურისტების მოსაზიდად. ცნობადობის გასაზრდელად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა. ვინც წელს იყო ჩამოსული ისინი თავიანთ ქვეყნებში აუცილებლად გაუწევენ დიდ რეკლამირებას საქართველოს. წელს როგორი სეზონიც ჰქონდა, მესტიას ასეთი სეზონი ჯერ არ ჰქონია, ყველაზე კარგი ზამთრის სეზონი წელს ქონდა. ასევე სასიხარულო ცნობა მაქვს, რომ სასტუმროები ივლისი-აგვისტო უკვე თითქმის დაჯავშნულია და სასტუმროების მფლობელები ნერვიულობენ, რადგან ძველ კლიენტებს მათთვის ჯერ არ დაურეკავთ და ფიქრობენ, როგორ მოიქცნენ. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ზაფხულიც არანაკლებ კარგი გვექნება. მესტია მსოფლიოს საოცრებათა შორის ერთ-ერთია, რომელიც ნებისმიერმა ტურისტმა აუცილებლად უნდა ნახოს. მე ჯერ მესტიიდან წამოსული უკმაყოფილო ტურისტი არ მინახავს.

- ბაკურიანში წელს წყალმომარაგების პრობლემა იყო, რა ხდებოდა?

- ბუნებრივი პროცესები, ძალიან მაღალი ყინვები იყო, 30%-ით დაიკლო წყლის დებეტმა, ამას ისიც დაერთო, რომ ბაკურიანშიც უპრეცედენტო რაოდენობის დამსვენებელი იყო და ეს წყალი არ ეყოთ, თუმცა მიმდინარე წელს უკვე ახალი მიმართულებების შექმნაა დაგეგმილი კოხტას მიმართულებით. ბაკურიანს წელს წყლის დებეტი უფრო გაუუმჯობესდება და ვფიქრობ, რომ ის მდგომარეობა აღარ გვექნება, რომელიც ის ერთი კვირა გვქონდა. ჩვენი მობილური ოპერატორების მიხედვით, დადგენილი გვაქვს, რომ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იყო ბაკურიანში საახალწლოდ, როდესაც ბაკურიანში მაქსიმუმ 8 ათასი ლოგინია. ძალიან გადატვირთული იყო კურორტი, საბჭოთა კავშირის შემდეგ ამდენი ტურისტი იქ არ ყოფილა.

- თქვენ შვეიცარიაში იყავით ვიზიტით, რას გვეტყოდით ამ ვიზიტთან დაკავშირებით?

- ეს იყო პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი, მას ჩვენც ვახლდით. იქ სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიო ჩემპიონატი იყო და უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა. ბატონ ბახს შეხვდა პრემიერმინისტრი. მათ საქმიანი საუბარი აწარმოეს, თუ როგორი ურთიერთობები უნდა ქონდეთ სამომავლოდ საქართველოსა და ოლიმპიურ კომიტეტს. რისი გაკეთება შეიძლება ერთობლივად. ასევე იქ იმყოფებოდა მსოფლიოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი და ბატონ კასპერსაც შეხვდა ჩვენი პრემიერმინისტრი. დაიგეგმა და უკვე გადაწყვეტილია, რომ 2023 წელს უკვე ჩვენთან ჩატარდება მსოფლიოს სნოუბორდის ჩემპიონატი და იმაზე მიდის მუშაობა, რომ მსოფლიო ეტაპი ჩატარდეს ჩვენთან. გუდაური უმაღლესი რანგის შეჯიბრებებისთვის ნამდვილად მზად არის. გათოვლიანობის მეორე ფაზა უკვე იწყება წელს და 2-3 წელიწადში ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი რანგის შეჯიბრება მივიღოთ გუდაურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები