საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა (SANGU) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, SANGU-ს NKU-ს ამერიკელ პროფესორთა დელეგაცია ესტუმრა.
2 კვირის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების ქართველ სტუდენტებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, დარგის პროფესიონალი აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, ჩართულიყვნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი თემების განხილვაში, დასწრებოდნენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს, ვორქშოპებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები დღესდღეობით არც ისე მრავლად არიან, მაშინ, როდესაც მათზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ქვეყნის უსაფრთოხებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური კადრების არსებობა, სწორედ ამიტომ კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული ოცდაათივე სტუდენტი სარგებლობს SANGU-ს შიდა საუნივერსიტეტო გრანტით და სრულიად უფასოდ ეუფლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების სკოლა აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. მომდევნო სემესტრიდან სტუდენტები ორი კვირით გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა NKU-ში მოისმინონ ლექციები, მონაწილეობა მიიღონ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სიმპოზიუმში, გაიარონ პროფესიული პრაქტიკა მოქმედ ბიზნეს კომპანიებში და გაეცნონ, თუ როგორ უმკლავდებიან კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს.
ახალი სასწავლო წლიდან გამოცხადდება მიღება SANGU-ს და NKU-ს ახალ ერთობლივ, ინგლისურენოვან ბიზნეს ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც გააერთიანებს ორი უნივერსიტეტის საუკეთესო გამოცდილებას და რესურსებს, რაც კურსდამთავრებულს მისცემს შესაძლებლობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში გახდეს კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი სპეციალისტი.
(r)

























