რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნას სთხოვს. საუბარია სანქციებზე, რომლებიც მის წინაღმდეგ მსოფლიოში რუსეთის “დამაზიანებელი ქმედებებისთვის” 2018 წელს დაწესდა.
სარჩელში დერიპასკა ამტკიცებს, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. თავის მხრივ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ დერიპასკა რუსეთის ხელისუფლების სახელით მოქმედებდა.
სანქციები ნაწილობრივ გამოწვეული იყო 2014 წელს ყირიმის ანექსიით, რომელსაც აშშ რუსეთის ნაწილად არ აღიარებს. იუსტიციის დეპარტამენტს დერიპასკას სარჩელზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ მარტში დერიპასკას სარჩელთან დაკავშირებით ვაშინგტონის ფედერალურმა სააპელაციო სასამარლომ დაადგინა, რომ აშშ-ს ოფციალურ პირებს რუსი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესებისთვის საკმარისი მტკიცებულებები გააჩნდათ. უკრაინაში წარმოებული ომის გამო დასავლეთმა რუს ოლიგარქებს სანქციები რამდენიმე რაუნდად დაუწესა.
მარტში დერიპასკა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირებს შორისაც მოხვდა, თუმცა ომის გამო აშშ-ს მისთვის ახალი სანქციები არ დაუწესებია. Reuters-ი წერს, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI) გასულ წელს ვაშინგტონსა და ნიუ იორკში დერიპასკას სახლებში რეიდი ჩაატარა, თუმცა რას ეძებდა, ამაზე არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.