მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანქციების დაწესების დღიდან პარტნიორებთან პროაქტიული კომუნიკაცია გვაქვს“ - შემოსავლების სამსახური

63f273af3b891
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.23 23:08
976
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაწესების დღიდან ფინანსთა სამინისტროს ქვეუწყებას დასავლელ პარტნიორებთან პროაქტიული კომუნიკაცია აქვთ. ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე როგორ პასუხობს შემოსავლების სამსახური ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო სანქციების ავლის ბრალდებებსა და ეჭვებს, უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ თქვა, რომ ეს ეჭვები ყოველთვის იარსებებს, თუმცა ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ზედმიწევნით შეასრულოს.

„სანამ სანქციები იქნება იარსებობს ეჭვებიც და საუბრებიც. გეოგრაფიულად ჩვენი მდებარეობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ასეთი ეჭვები არსებობდეს, თუმცა ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ არც ერთი დადასტურებული შემთხვევა, რომ ჩვენი ქვეყნის გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად მოხდა, არ არის. სანქციების დაწესების დღიდან პროაქტიული კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან როგორც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან, ევროკომისიის, ასევე აშშ-ს საელჩოსთან და ეს კომუნიკაცია უწყვეტია. თვითონ სანქციები ძალიან რთული და კომპლექსურია და მათში ძალიან ბევრი მდგენელია. არის შემთხვევები, როდესაც რთული ხდება დადგენა, ამიტომ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ პარტნიორებთან“, - განაცხადა ხუნადაძემ.

მისივე განმარტებით, სანქცირებას დაქვემდებარებული შემთხვევების აღკვეთისას კანონმდებლობით გაწერილი კონფიდენციალობიდან გამომდინარე უწყებას გამომგზავნი და მიმღების გასაჯაროების უფლება არ აქვს. თუმცა ყველა შემთხვევა, რომელიც დღემდე უწყების მიერ აღიკვეთა საყოფაცხოვრებო და ქიმიური მრეწველობის საქონელს შეეხებოდა და არა ორმაგი და სამხედრო დანიშნულების საქონელს, რომლებიც სანქციების გარეშეც სანებართვო საქმიანობას განეკუთვნება. მისი თქმით, საბაჟო მართვის სისტემა დღეს საქართველოში გაციფრულებულია, რაც რისკების მართვის ხარისხს ზრდის.

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ მისი საბაჟო საზღვარი 100%-ით დაცულია, პოტენციური სამართალდამრღვევების მხრიდან ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ტიპის აკრძალული საქონელი სხვადასხვა მაქინაციით გატარებას ცდილობენ ხოლმე... ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად ინსტიტუციონალურად უნდა იყოს გამართული სისტემა. 2022 წლიდან საბაჟო სამსახურის სისტემა რისკების მართვის სისტემაზე მუშაობს, სადაც პროგრამულ უზრუნველყოფაში გარკვეული კრიტერიუმები ინტეგრირდება. მაგალითად, ირანიდან ნავთობპროდუქტების ჯგუფი შეიძლება მოხვდეს რისკჯგუფში, რადგან ბევრი ირანული კომპანია გაეროს სანქციების ქვეშაა. ეს რისკები და ჯგუფები ციფრულ დონეზე კონტროლდება და სისტემა აცნობებს მებაჟეს ამ რისკებისა და მისი შემოწმების აუცილებლობაზე“, - განმარტა ვლადიმერ ხუნდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები