მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა - ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი

„მინდა შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ წლის განმავლობაში მუსირებდა და ძალიან ბევრი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ჩვენ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ მინისტრის განმარტებით, რამდენი თვის წინ საქართველოში მაღალი დონის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი, ო ბრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი, სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი იყვნენ ჩამოსული, რომელთაც საჯაროდ თქვეს, რომ ისინი მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში კმაყოფილი არიან.

„ჩვენ არც ერთი წუთით არ დაგვიკლია მცდელობა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში არ ვყოფილიყავით. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ღიად ვთანამშრომლობდით ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან და ვიყავით სრულ კოორდინაციაში. მე ვფიქრობ, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის რეალური მხარდამჭერები, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ევროპელი, დასავლელი, ამერიკელი მეგობრები არიან სრულად ინფორმირებულნი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის, ამოცანისა და მიზნების შესახებ და არავითარი კითხვები აღარ არსებობს.

არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას.

ეს ასეც მოხდა. როგორც მოგახსენეთ, ყველა ასეთი საფრთხის დროული იდენტიფიცირება მოვახდინეთ, 1000-მდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, 1000-მდე შემთხვევა სანქციების თავიდან არიდების, ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც ევროპიდან რუსეთის მიმართულებით იგზავნებოდა და ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ.“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები