მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების მიუხედავად, რუსეთში ახალი, ძვირად ღირებული მანქანები საქართველოს გავლით შედის - Sky News

რუსეთი

ბრიტანულმა ტელევიზია Sky News-მა მოამზადა საგამოძიებო მასალა, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს გავლით მაინც შედის.

საგამოძიებო სიუჟეტის ავტორი თავად იმყოფებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე და წერს, რომ ნახა, თუ როგორ გადაჰყავთ ძვირად ღირებული დასავლური წარმოების ავტომობილები რუსეთში საქართველოდან.

რთული, მაგრამ დახვეწილი სისტემა - ასე მოიხსენიებს მასალის ავტორი, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული ავტომობილების ექსპორტს.

Sky News-ის ჟურნალისტებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, საქართველოდან რუსეთში სანქცირებული მანქანების გადატანის სავაჭრო სქემებში ჩართული ადგილობრივი პირებიც გამოკითხეს.

ჟურნალისტები თბილისიდან ლარსის საზღვრამდე ავტომზიდებს გაჰყვნენ, რომლებსაც Range Rover-ის უახლესი მოდელები გადაჰქონდათ და გამშვებ პუნქტთან ავტოპარკში მრავალი ძვირად ღირებული მანქანა აღმოაჩინეს, რომლებიც მათი თქმით, რუსეთის საზღვარზე გადაჰქონდათ. Range Rover-ის მანქანების სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრების შემოწმების შემდეგ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ისინი ახალი, 2024 წელს გამოშვებულია.

როგორც Sky News იუწყება, მანქანები ზოგჯერ თბილისის შოურუმებიდან, ხან საქართველოს პორტებიან, ხანაც ევროპიდან ან აზერბაიჯანიდან მოჰყავთ. ძირითადად, გადამზიდმა მძღოლებმა არ იციან მანქანების წარმომავლობა.

მანქანების საზღვართან მიტანის შემდეგ მათ რამდენიმე დღით ავტოპარკებში ტოვებენ, სანამ აუცილებელ დოკუმენტაციას ამზადებენ. როგორც Sky News-ი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დაწესებულ სანქციებს შეუერთდა, სანქციებისთვის თავის არიდების არაერთი საშუალება არსებობს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ამ მანქანებზე გაიცემა ტრანზიტული სარეგისტრაციო სანომრე ნიშნები, რის შემდეგაც მათ საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ. ხოლო, რადგან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება რუსეთში, მათ მხოლოდ მანქანების საზღვრის მიღმა გადაყვანა სჭირდებათ, სადაც სხვა ჯგუფი დახვდებათ.

როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, როდესაც მანქანები საზღვართან მიჰყავთ, საჭირო დოკუმენტების გამზადებამდე, მათ ავტოსადგომებზე ტოვებენ.

"მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა სანქციები დააწესეს, საქართველომ საკუთარი აკრძალვები შემოიღო რუსეთში მანქანების გაგზავნაზე. თუმცა, არსებობს მისგან თავის არიდების უამრავი საშუალება, რაც შესაძლებელს ხდის მანქანების გადაზიდვას", – წერს Sky News.

"ყველა ხეირობს, უკრაინის გარდა". - წერია სტატიაში.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სანქციებს თავს არიდებას არა მხოლოდ სანქცირებული მანქანების, არამედ სხვა, ომისთვის უფრო მნიშვნელოვანი რესურსების, მაგალითად ელექტრონული ნაწილებისა და რადარების, გადატანისასაც ახერხებენ. სტატიის ავტორის განმარტებით, ძვირად ღირებულ მანქანებზე ყურადღება იმიტომ გაამახვილეს, რომ მათი დამალვა რთულია და ადგილზე სიტუაციისთვის ვიდეოებისა და ფოტოების გადაღებით მედია ვიზუალური მტკიცებულებების წარდგენას ახერხებს.

"მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს ავტომწარმოებლები და ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ არაოფიციალური სავაჭრო გზების აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებს, ჩვენი გამოძიების ალბათ ყველაზე საოცარი დასკვნა არის ის, რომ საქართველოში ადგილზე არავინ არ ცდილობს, დამალოს, რაც ხდება. ყველამ იცის, რომ ეს მაღალი ხარისხის ევროპული მანქანები რუსეთში არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ისინი საზღვარს ყოველდღე სათითაოდ მაინც გადიან. ყველამ იცის, რაც ხდება, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, რომ შეაჩეროს". - წერია სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები