"პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს მრჩევლის გიორგი ბაქრაძის აზრით, საერთაშორისო საფინანსო სანქციებს არცერთი ქართული ბანკი არ და ვერ დაარღვევს, რადგან ამ შემთხვევაში, ბანკი ფინანსური სისტემიდან ჩაიხსნება და ვერ იმუშავებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, კერძოდ, 83 დეპუტატის შესაძლო სანქცირებას შეეხებოდა, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტში ჩაიწერა, თუმცა რეზოლუციის პროექტის საბოლოო ვარიანტში ახლა არ წერია.
- შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეების სანქცირება ქართული ბანკებისთვის ახალი თავის ტკივილი იყოს, გვახსოვს რა, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება?
- თქვენ ისიც გახსოვთ, რომ ამ ამბების შემდეგ, ბანკებმა გამოაცხადეს, რომ ისინი შეერთებული არიან და აღასრულებენ საერთაშორისო საფინანსო სანქციებს. ნებისმიერი ქვეყნის საბანკო სისტემა არ არის განყენებული - ის არის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წევრი და ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ამ სისტემის ნაწილი, ჩვენი საბანკო სექტორიც უნდა შეუერთდეს სანქციებს; ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი რაც ევროპას და ამერიკას აქვს, ალბათ არა - ატომური ბომბი, არამედ ფინანსებია. აშშ-ის მიერ შემოღებული მეორადი სანქციები ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე არაამერიკული ბანკი დაარღვევს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, ის უბრალოდ ჩაიხსნება ფინანსური სისტემიდან, ამიტომ არცერთი ბანკი ამაზე არ წავა.
- ანუ რა გამოდის - მაშინაც ბანკებმა წაიკითხეს ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება, მერე გადადეს გვერდზე და გააგრძელეს საერთაშორისო სანქციების დაცვა და ასე იქნება მომავალშიც?
- ფინანსური სისტემისთვის, რომელიც მსოფლიო სისტემაში უნდა იყოს ინტეგრირებული, სხვა გზა არ არის. სანქციები არის სანქციები.