მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებიდან თვე-ნახევარში დაფარული 102 482 ლარის სესხი - გენერალურ აუდიტორს საკუთარი საბანკო ანგარიშები ისევ არ აქვს

გიორგი გაბიტაშვილი

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი და მოქმედი გენერალური აუდიტორი, გიორგი გაბიტაშვილი სანქცირების შემდეგაც ინახავს მსხვილ თანხას ნაღდი ფულის სახით, ხოლო „საქართველოს ბანკში“ არსებული სესხი სანქცირებიდან თვე-ნახევარში სრულად დაფარა, მათ შორის ნახევარი ნაღდი ანგარიშსწორებით, ირკვევა მის მიერ ბოლო შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან.

დიდმა ბრიტანეთმა გიორგი გაბიტაშვილს ფინანსური და სავიზო სანქციები 2025 წლის 10 აპრილს დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქციები „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად“, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო დაწესდა.

რომელი ქვეყნების მიერ არის სანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი?

სანქცირებიდან თვე-ნახევარში 2025 წლის 21 მაისს გაბიტაშვილმა სრულად დაფარა „საქართველოს ბანკიდან“ 2022 წელს 10 წლის ვადით აღებული 120 480-ლარიანი სესხის დარჩენილი თანხა, 102 482 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, გადახდა განხორციელდა საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით (51 113 ლარი) და ნაღდი ანგარიშსწორებით (51 369 ლარი).

მიუხედავად იმისა, რომ კანონი საჯარო მოხელეს ავალდებულებს მიუთითოს საბანკო ანგარიშები (თუნდაც ნულოვანი ნაშთით), დეკლარაციაში გიორგი გაბიტაშვილის სახელზე არცერთი საბანკო ანგარიში არ ფიქსირდება. დოკუმენტში მხოლოდ მისი მეუღლისა და დედის ანგარიშებია მითითებული.

საბანკო ანგარიშების არქონის პარალელურად, გენერალური აუდიტორი მიუთითებს, რომ ნაღდი ფულის სახით ინახავს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ეკვივალენტს:

  • 350 000 ლარს - მითითებული აქვს, როგორც დანაზოგი;
  • 62 000 აშშ დოლარს (12 აგვისტოს ეროვნული ბანკის კურსით 162 322 ლარი) - მითითებულია, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა (წინა წლის დეკლარაციაში დოლარში არსებული თანხა 290 000 აშშ დოლარს შეადგენდა);
  • მისი მეუღლე, მაგდა მაჩაიძე ნაღდი ფულის სახით ინახავს 5 000 აშშ დოლარს (დაახლოებით 13 091 ლარი), რომელიც ასევე უძრავი ქონების გაყიდვიდან არის მიღებული.

დეკლარაციის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში გაბიტაშვილის შემოსავალმა გენერალური აუდიტორის პოსტზე (11 ივნისიდან 31 დეკემბრამდე) 75 415 ლარი შეადგინა. მანამდე, 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ივნისამდე, გენერალურ პროკურორად მუშაობისას, ანაზღაურების სახით 57 564 ლარი აიღო.

2025 წელს გაბიტაშვილმა შეიძინა:

  • 203.2 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ნინო რამიშვილის II შესახვევში - 182 880 აშშ დოლარად (2025 წლის 23 სექტემბერს);
  • 2 ავტოფარეხი ამავე მისამართზე (15.4 კვ.მ და 16.3 კვ.მ) - თითოეული 7 500 აშშ დოლარად.

მისმა მეუღლემ, მაგდა მაჩაიძემ 2025 წლის 20 მაისს 30 000 აშშ დოლარად შეიძინა Lexus NX 350 მარკის ავტომობილი (მას ასევე საკუთრებაში აქვს 2022 წელს 19 813 დოლარად შეძენილი Lexus NX 300).

მაგდა მაჩაიძე 2025 წელს მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დირექტორის მოადგილედ ადმინისტრაციულ საკითხებში (მანამდე ეკავა დირექტორის მრჩევლის პოზიცია) და ანაზღაურების სახით 72 086 ლარი მიიღო. გაბიტაშვილის დედამ, მედეა ლომიძემ კი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე 20 042 ლარი აიღო.

გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2025 წელს დაამტკიცა. მან ცოტნე ყავლაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ ფინანსთა მინისტრის მე-6 მოადგილე გახდა. გაბიტაშვილი მანამდე წლების განმავლობაში გენერალური პროკურორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. დასავლურმა სახელმწიფოებმა ქართველი მაღალჩინოსნები, მათ შორის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკან დახევაზე რეაგირების არქონის გამო დაასანქცირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები