მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სანტეს“ ყველის საწარმოს გაფიცული თანამშრომლები კომპანიის მენეჯმენტს შეხვდნენ - რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკება?

სანტე

კომპანია „სანტე ჯი ემ თი პროდუქტებში“ დასაქმებულთა ნაწილის პროტესტის გამო, კომპანიის წარმომადგენლობისა და ყველის საწარმოს გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში დღეს გაიმართა. შედეგად გაფიცულები სამუშაოს 1 თებერვლიდან დაუბრუნდებიან.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიაში განუცხადეს. საქართველოს პროფესიულმა კავშირმა კი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პროტესტის მონაწილეები სამუშაო ადგილებს გარკვეული დათქმებით დაუბრუნდებიან.

საქმე ის არის, რომ საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ 40-მდე დასაქმებული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, 26 იანვარს გაიფიცა. ამ პერიოდის განმავლობაში კი კომპანიას მათი ჩანაცვლება დღიური მუშახელით მოუწია. დასაქმებულები სამუშაოს მოცულობის ზრდის პროპორციულად ხელფასების ზრდას, აგრეთვე, შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას და შრომითი ხელშეკრულებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვდნენ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კი დამსაქმებელს დასაქმებულთა მოთხოვნები დაკმაყოფილებისკენ და დასაქმებულთა სამუშაო ადგილზე სხვა პირების დასაქმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

როგორც კომპანიაში bm.ge-ის განუცხადეს, მენეჯმენტი დასაქმებულებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.

„სანტე 25 წელზე მეტია ლიდერია საქართველოს ბაზარზე. აწარმოებს რძის პროდუქტების სრულ ასორტიმენტს და დასაქმებული ჰყავს 600-მდე თანამშრომელი.

ჩვენთვის პრიორიტეტულია თანამშრომლებისთვის სამართლიანი და სტაბილური სამუშაო გარემოს შექმნა, რაც პასუხობს შრომითი ურთიერთობისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს. ვთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ვეხმარებით პროფესიულ განვითარებაში და მუდმივად ვაუმჯობესებთ სამუშაო პირობებს.

საწარმოში ხელფასები ყოველწლიურად არსებითად მატულობს. 2021 წლიდან დღემდე საწარმოში დასაქმებულთა ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ფინანსური ასპექტებისა, პრიორიტეტს ვანიჭებთ კარიერულ განვითარებას, ტრენინგ პროგრამებსა და სამუშაო პირობების მუდმივ გაუმჯობესებას, რათა ჩვენი გუნდის წევრებისთვის უზრუნველვყოთ უსაფრთხო, მამოტივირებელი და პროდუქტიული გარემო.

მიუხედავად ხელფასის ყოველწლიური ზრდისა, ბოლო დღეებში რამდენიმე თანამშრომელმა დროებით შეაჩერა მუშაობა ხელფასის მატების მოთხოვნით. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მათი აზრის გამოხატვის უფლებას. თითოეული ჩვენი დასაქმებულის კეთილდღეობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

1 თებერვლიდან ველოდებით თანამშრომელთა მხრიდან სამუშაო პროცესების აღდგენას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის, რათა გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს დაფასება და მხარდაჭერა კომპანიის ზრდასთან ერთად“, - აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში გავრცელებულ ინფორმაციაში კი შეხვედრის დეტალებზეა საუბარი. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში დასაქმებულები პროფკავშირთან ერთად წინასაგაფიცვო პროცედურებს დაიწყებენ.

„შეხვედრაზე დამსაქმებლის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის, პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარებით, გაიმართა მოლაპარაკების პროცესი. საუბარი შეეხებოდა: შრომის პირობებს, შრომითი უსაფრთხოების საკითხებს, დასაქმებულების მიერ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას, ხელფასების ზრდას და სხვა...

მოლაპარაკებამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. დამსაქმებელს მიეცა ვადა დასაქმებულთა პრეტენზიაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მიზნებისათვის.

დასაქმებულები დროებით უბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, თუმცა დამსაქმებლის მხრიდან მოლაპარაკებისთვის თავის არიდების ან/და დასაქმებულთა მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტების ყველის საამქროში დასაქმებულები, უკვე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარებით დაიწყებენ წინასაგაფიცვო პროცედურების წარმართვას“, - ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები