კომერციული უძრავი ქონების წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ბიზნესის მხრიდან საოფისე ფართებზე მოთხოვნა შემცირებულია.
როგორც კომპანია "სფეის ზეტში“ აღნიშნავენ, თუკი გასულ პერიოდში მათი საოფისე ფართებისა და საერთო სამუშაო სივრცეების დატვირთულობა 100% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 70%-მდეა შემცირებული. კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი გვაზავა BMG-სთან აცხადებს, რომ მათ შორის, მცირე ბიზნესებმა ბოლო პერიოდში ხარჯების დაზოგვის მიზნით ოფისები დახურეს.
მისივე თქმით, საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირება, ასევე, განპირობებულია ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების შემცირებით.
“ზოგადად 100%-ით ვიყავით ხოლმე ყოველთვის დატვირთულები, თუმცა ბოლო პერიოდში უკვე გამოგვითავისუფლდა რამდენიმე ოფისი. ბაზარზეც შეიმჩნევა მოთხოვნის შემცირება. მათ შორის მოთხოვნის კლება განპირობებულია იმით, რომ მცირე ორგანიზაციები ხარჯების დაზოგვაზე გადავიდნენ და უფრო მოქნილები არიან ოფისების გახსნა-დახურვის მიმართულებით.
მცირე კომპანიების ნაწილი ბოლო პერიოდში ამ გზით წავიდა და დახურეს ოფისები. მოლოდინი აქვთ არასტაბილურობის ან უკვე შეუმცირდათ შემოსავალი, დღესვე იჭერენ თადარიგს და ყოველთვიურ ხარჯებს ამცირებენ. ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული პროექტებია შეჩერებული და ესეც ახდენს გავლენას ოფისებზე მოთხოვნის კლებაზე”, - განაცხადა გიორგი გვაზავამ.




























