მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საოფისე ფართებზე მოთხოვნა შემცირებულია, საერთაშორისო კომპანიებმა გარიგებები დააპაუზეს - Colliers Georgia

ოფისი

უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ საოფისე ფართებზე მოთხოვნა შემცირებულია.

როგორც Colliers Georgia-ში BMG-ის განუცხადეს, გასულ პერიოდში მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან საოფისე ფართების დაქირავებაზე მოთხოვნა მზარდი იყო და ისინი საქართველოში გაფართოებას გეგმავდნენ.

თუმცა ორგანიზაციის კომერციული უძრავი ქონების ბროკერი, მარიამ მითაიშვილი აღნიშნავს, რომ უკვე დღეს მსგავსი კომპანიების მხრიდან მოთხოვნა დაპაუზებულია. Colliers Georgia-ში აღნიშნავენ, რომ მოთხოვნის კლება შეიმჩნევა როგორც შედარებით დიდი, ასევე მცირე ზომის საოფისე ფართებზე.

„წინა წლის შემოდგომაზე რამდენიმე აქტიური მოთხოვნა გვქონდა დიდი ზომის საოფისე ფართებზე, როგორიცაა 1000 კვადრატული მეტრი და მეტი ფართობი. რამდენიმე საერთაშორისო კომპანია ეძებდა ახალ საოფისე ფართებს რელოკაციისთვის, თუმცა იმავე წელს დააპაუზეს ეს პროცესი და მას შემდეგ ეს პროცესი აღარ განახლებულა. შესაბამისად, წინა წლის შემოდგომიდან ამ მომენტამდე დიდ საოფისე ფართებზე მომართვიანობა შემცირებულია. ეს პერიოდი ზუსტად ემთხვევა ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ პერიოდს, რადგან ზუსტად ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა ამ გარიგებების დაპაუზება.

იგივე შემიძლია ვთქვა მცირე ზომის საოფისე ფართებზეც. თუკი ადრე პატარა ზომის ფართებზე მაინც იყო ხოლმე მოთხოვნა მცირე ზომის კომპანიებისგან, სტარტაპებისგან, ამ ეტაპზე მოთხოვნა ამ მიმართულებითაც შემცირებულია. ასევე, ახალი კომპანიები თავს იკავებენ საოფისე ფართების ქირაობისგან და სავარაუდოდ, აგრძელებენ ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობას. ჩვენი აზრით, ეს უფრო ხარჯების შემცირებასთან და დიდი ხარჯიანი გადაწყვეტილებების დაპაუზებასთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა მარიამ მითაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები