მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოჯახო ბიზნესი „აჯიკაია“ პროდუქტის შეტანას აგრო მარკეტებში გეგმავს

აჯიკაია

წარმატებული საოჯახო ბიზნესი „აჯიკაია“ , რომელიც ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულ აჯიკებს აწარმოებს და ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა, წელს აგრო მარკეტებში შესვლას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მარიამ გერგედავა BM.GE-სთან აცხადებს, გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, საოჯახო ბიზნესმა წარმოება მნიშვნელოვნად გააფართოვა. "აჯიკაიამ" ოფიციალურად შპს-ს სტატუსი მიიღო და ახალ საწარმოში გადავიდა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აგრო მაღაზიებთან და კვების ობიექტებთან, რაც პროდუქციის რეალიზაციას ხელს შეუწყობს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

„ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ. 100%-ით ნატურალური პროდუქციისგან ვამზადებთ. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ კურიერი ფიზიკურად მიტანას ვერ ახერხებდა. მაგალითად, ამ კვირაში 370 კვ აჯიკა ვაწარმოვეთ, რომელიც 270-ზე მეტი შეკვეთის დაკმაყოფილებას ითვალისწინებდა“, - განაცხადა გერგედავამ.

ამ დროისთვის კომპანიას უკვე ორი ახალი თანამშრომელი შეემატა და გეგმავენ ახალი კადრების დამატებასაც. პროდუქცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოცულობით, თუმცა საშუალოდ 100 გრამის ღირებულება 5 ლარი და 50 თეთრია.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, მათი პროდუქციით როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელები სტუმრები არიან. ამასთან, დიდი ინტერესი მოდის სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ცნობადობის ზრდა სურთ. „ჩვენი პროდუქცია გახდა წერტილი, რომელიც ბიზნესებს ეხმარება საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენაში,“ – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

გარდა ადგილობრივი ბაზრის ათვისებისა, კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს ექსპორტზე გასვლაზე, რისთვისაც ამ ეტაპზე საბუთებს აწესრიგებენ.

"აჯიკაია" მომხმარებელს ამ დროისათვის უკვე 6 სახეობის პროდუქციას სთავაზობს. ასევე მათ ასორტიმენტში ჯემებიც შედის. გერგედავა აღნიშნავს, რომ წარმოების ზრდა კვლავ იგეგმება და ეს ცნობადობის ზრდასა და გაზრდილ გაყიდვებზეა დამოკიდებული.

კომპანიის დამფუძნებელი სამომავლოდ გეგმავს, რომ პროდუქციაში ახალი სახეობები დაამატოს, მათ შორის შედის ახალი პროდუქციის წარმოება. კერძოდ, მწნილების. ამჟამად, პროდუქტი დამუშავების პროცესშია და 2025 წლისთვის რეალიზაციაში ჩაეშვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები