მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოჯახო მარანი - ოდა "გემო ფესტში" მონაწილეობას აღარ მიიღებს - რა არის გადაწყვეტილების მიზეზი?

გემო ფესტი

"საოჯახო მარანი ოდა" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ გასტრონომიულ ფესტივალ "გემო ფესტზე" მონაწილეობას არ მიიღებენ და ამას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიჩნევს. ამის შესახებ განცხადებას საოჯახო ბიზნესი Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.

"ძვირფასო ხალხო, ვიცით, რომ ბევრი ელოდით ოდას სამეგრელოს Gemo Fest - გემო ფესტიზე. ჩვენც მოუთმენლად ველოდით თქვენთან შეხვედრას!

სამწუხაროდ, ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბის გაზიარება გვიწევს - გემო ფესტი / სამეგრელო ოდას, მარტვილის მარნის და კიდევ რამდენიმე მოქალაქეობრივად აქტიური, კარგი ადამიანის გარეშე ჩაივლის. მას შემდეგ, რაც ივლისში ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა მონაწილეობის მისაღებად მოგვიწვია, შემდეგ - ჩვენთვის ყველაზე დატვირთულ სეზონზე შევძელით და ორჯერ ჩავედით ზუგდიდში ჩვენი კერძებით, მოვიგეთ შეფმზარეულების გულები და მათთან ნაყოფიერად ვიმუშავეთ კერძების განვითარებაზე, გადავიღეთ პრომო რგოლები და ჩავწერეთ ინტერვიუები, გუშინ, საღამოს, მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ვიღაცამ ფესტივალის სიიდან „მოგვხსნა“.

"გემო ფესტი" უნდა იყოს ლხინი, საყოველთაო სიხარული და ჩახუტება. სირცხვილია ყველაფრის პარტიულად თარგმნა, საზოგადოების „ჩემიანებად“ და „დანარჩენებად“ დაყოფა. გულითადი მოკითხვა ჩვენგან მათ, ვინც თავისი ვიწრო თვალსაწიერით საზღვრავს, თითქოს, ასეთი გაუქმებებით დაგვსჯის, ან გაგვაჩუმებს. ასევე, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ ამბით აღშფოთება პირად საუბრებს არ გასცდება და ხმამაღლა არ დაიგმობა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

BM.GE საოჯახო მარანს უფრო მეტი დეტალის გასარკვევად დაუკავშირდა. მარნის დამფუძნებელი, ქეთო ნინიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიმღები თავად მუნიციპალიტეტი ან მერიაა, რომლებიც ფესტივალს აფინანსებენ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტურიზმის ადმინისტრაციას რომ მიეღო, მონაწილეობას თავიდანვე არ შესთავაზებდნენ.

"როგორც კი დაანონსდა "გემო ფესტის" ზუგდიდში ჩატარების ამბავი, თვითონ ტურიზმის ადმინისტრაციიდან დაგვიკავშირდნენ და ფესტივალში მონაწილეობა შემოგვთავაზე. ამ პერიოდში, ძალიან დატვირთული სეზონი გვაქვს, თუმცა უარი არ გვითქვამს, რადგან გვიყვარს ეს ფესტივალი და რაღაცნაირად ჩვენთვის კონტრიბუციაც იყო ამ ფესტივალში მონაწილეობა.

ფესტივალზე მონაწილეობისთვის რამდენიმეეტაპიანი დაგემოვნების ეტაპი გავიარეთ. წუხელ, ჯერ ჩემს მეუღლეს, რომელიც სხვა ბრენდით უნდა ყოფილიყო წარდგენილი და შემდეგ მე დაგვიკავშირდნენ ტურიზმის ადმინისტრაციიდან და გვითხრეს აბსურდული მიზეზი, რომ ახლა გადაწყვიტეს, რომ მონაწილეობის მიღების საშუალება უფრო მეტად გამოუცდელი და დამწყები ბრენდებისთვის მიეცათ. მაშინ როდესაც, რეალურად ძალიან ცოტა მონაწილე ჰყავდათ და ჩვენც კი გვეკითხებოდნენ, კარგი ობიექტების შესახებ, რომ ფესტივალი რაც შეიძლება საინტერესო გამოსულიყო.

მე რაც ვიცი, სიიდან მინიმუმ სამი ობიექტი ამოგვიღეს. ჩვენ, მარტვილის მარანი და ლიკა როგავა.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, თავიდანვე არ მოგვცემდა მონაწილეობის საშუალებას. ვფიქრობ, ეს არის უშუალოდ მუნიციპალიტეტის ან მერიის გადაწყვეტილება, რომელიც "გემო ფესტს" აფინანსებს. როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანების პოზიცია მათთვის მიუღებელია, პარტიულ ე.წ. მესიჯ ბოქსში არ ჯდება და რაღაცას ვაპროტესტებთ, ჩვენი პატრიოტული და სამოქალაქო პოზიციის, გამო შეგვავიწროონ. რეალურად, სამარცხვინო მდგომარეობაში თვითონ აღმოჩნდნენ", - აცხადებს ნინიძე.

BM.GE ფესტივალის ორგანიზატორს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები