ქუთაისიდან სულ რაღაც 30 კილომეტრის მოშორებით, ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში ჩხეიძეების საოჯახო მარანი „სიმონიკა“ მდებარეობს, რომელიც ადგილობრივ, იმერული ჯიშის და მცირე რაოდენობით მეგრულ ღვინოებს აწარმოებს.
როგორც მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, ნინი ჩხეიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, მეღვინეობა ბაბუის დანატოვარ საქმეს ეფუძნება, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. მისი თქმით, რებრენდინგის შემდეგ „სიმონიკა“ ახალ ეტაპზე გადავიდა და მნიშვნელოვნად განახლდა როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნოლოგიურად.
ამ დროისთვის მარანი წლიურად დაახლოებით 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის ნახევარი ექსპორტზე იგზავნება, ხოლო დანარჩენი, ადგილობრივ ბაზარზე, მცირე ღვინის ბარებში იყიდება.
ჩხეიძის თქმით, უკვე გაშენებულია ახალი ვენახები, რაც მარნის განვითარებასა და წარმოების ზრდას ხელს შეუწყობს. მისი პროგნოზით, წარმოება ეტაპობრივად 20 000 ბოთლამდე გაიზრდება.
"ღვინო ძირითადად ექსპორტზე გაგვაქვს 7 ქვეყანაში - აშშ-ში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და იაპონიაში. ინტერესი მზარდია, თუმცა ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა საერთაშორისო ბაზრებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მარნების განვითარება და ხარისხიანი, ნატურალური ღვინის წარმოება", - აცხადებს ნინი ჩხეიძე.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი პოტენციალი ქართულ ღვინოს ამერიკისა და იაპონიის ბაზრებზე აქვს, სადაც მოთხოვნა და ინტერესი ძალიან დიდია. ამ ორ ბაზარზე „სიმონიკას“ მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 50% მოდის.
რაც შეეხება ადგილობრივ გაყიდვებს, მეღვინე ამბობს, რომ ღვინის ფასი თაროზე 50-60 ლარის ფარგლებში მერყეობს. „ჩვენი ღვინო სრულად ნატურალურია - ყურძენი მცირე ვენახებიდანაა მოწეული და თითოეული მარცვალი გადარჩევის შემდეგ იწურება. ეს ყველაფერი ღვინის ხარისხს უზრუნველყოფს”, - განმარტა ჩხეიძემ.




























