"კერამიკო" ქართული სტარტაპია, რომელიც განსხვავებულ ჭურჭელს, სამკაულებს და სუვენირებს თიხის მასალისგან ამზადებს.
როგორც სტარტაპის დამფუძნებელი, თათა პაჭკორია BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, თავდაპირველად კერამიკის პროდუქციის შექმნა ოჯახური საქმიანობა იყო, თუმცა შემდეგ მისი სტარტაპად ქცევის იდეა გაჩნდა.
"ჩემი მშობლები კერამიკოსები არიან და ამიტომ, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ, რომ საოჯაახო საქმიანობა გაგვეგრძელებინა და სტარტაპად ჩამოგვეყალიბებინა.
ჩვენი პროდუქცია ძირითადად ქუჩის მარკეტებზე იყიდება, თუმცა, მომხარებელს შეუძლია, რომ ონლაინაც შეგვიკვეთოს და შეიძინოს ნებისმიერი ნივთი. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარკეტებში ვმონაწილეობთ", - განაცხადა თათა პაჭკორიამ.
მისი ცნობით, კერამიკის პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლის მხრიდან ფასის მიმართ დამოკიდებულებაა.
"ძალიან უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ მაგალითად ჭიქა 35 ლარი ღირს, მაგრამ ამ დროს ავიწყებდათ, რომ კერამიკის პროდუქციის შემქნას სჭირდება ძალიან დიდი დრო, შრომა და ასევე მასალა, რომლითაც ვმუშაობთ, საკმაოდ ძვირია", - აცხადებს "კერამიკოს" დამფუძნებელი BM.GE-სთან.
ცნობისთვის, "კერამიკოს" პროდუქციის ფასი 10-დან 100 ლარამდე მერყეობს.
როგორც თათა პაჭკორია აღნიშნავს, სტარტაპი მთლიანად საკუთარი ფინანსებით შექმნა, თუმცა ამ ეტაპზე გეგმავს, რომ გაფართოების მიზნით მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში "აწარმოე საქართველოში’’, რათა ღუმელი და სხვა საჭირო ინვენტარი შეიძინოს.

























