„კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, მონაწილეობას გამოკითხულთა 65% აუცილებლად მიიღებდა, 18% კი ალბათ მიიღებდა.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ კითხვაზე, მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? - 6% პასუხობს, რომ ალბათ არ მიიღებდა, 5% არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა, ხოლო 6%-მა არ იცის, ან არ უარს ამბობს პასუხზე.
საგულისხმოა, რომ 2019 წელთან შედარებით გაზრდილია გამოკითხულთა წილი, რომლებიც ამბობენ, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ. 2019 წლის კვლევის თანახმად, ანალოგიურ კითხვაზე 63% ამბობდა, რომ აუცილებლად მიიღებდა, ხოლო 16% ალბათ მიიღებდა.
2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.