საპარტნიორო ფონდი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შესაქმნელად მომზადებულ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნას ელოდება.
როგორც "ბიზნესკონტაქტს" საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, მთავრობას უკვე გადაეგზავნა ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს კონცეფცია, კანონპროექტი და მთავრობის დადგენილების პროექტი ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შესახებ, რომელთაც ამჟამად შესაბამისი უწყებები განიხილავან. შესაბამისი სამინისტროებისა და მთავრობის მხრიდან დადასტურების შემდეგ, კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და შემდეგ დასამტკიცებლად კენჭს უყრის.
ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდში ვერ აკონკრეტებენ, როდის დასრულდება სამთავრობო უწყებებში დოკუმენტის განხილვა, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმდინარე წლის 6 ივნისს განაცხადა, რომ ახალი უწყების პრეზენტაცია უახლოეს დღეებში იგეგმება.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, თავდაპირველად ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ორი პროდუქტი ექნება – ფინანსური გარანტია და ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა.
"ფინანსური გარანტია გაიცემა ფინანსური ინსტიტუტების სასარგებლოდ, მათ მიერ ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიებზე გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ბაზრებზე გასატანი საქონლის, გასაწევი მომსახურების და სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ფინანსირების მიზნით. რაც შეეხება საკრედიტო რისკის დაზღვევას, ეს მექანიზმი ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, ექსპორტის ხელშეკრულებების საფუძველზე დააზღვიონ საქონლის და მომსახურების მიწოდებიდან წარმოქმნილი კომერციული, ან პოლიტიკური შემთხვევით გამოწვეული გადავადებული გადახდების საკრედიტო რისკი", – განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.
შეგახსენებთ, რომ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ამოქმედებისათვის და შესაბამისი პროდუქტების შესაქმნელად საპარტნიორო ფონდმა გასული წლის მარტში იტალიური ექსპორტის საკრედიტო სააგენტო “SACE” დაიქირავა. როგორც საპარტნიორო ფონდის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ მაშინ განაცხადა, სააგენტოს ჩამოყალიბება 3 თვეში იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა.

























