საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას პასუხობს.
იგი ქობულიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, "საპარტნიორო ფონდი, როგორც ეკონომიკის სტიმულირების ინსტრუმენტი, არაეფექტურად მუშაობდა მთელი წლების განმავლობაში და ახლაც არაეფექტურად მუშაობს".
"გიორგი ქობულიას, როგორც სს საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და მინისტრის პირდაპირი მოვალეობა იყო მიეღო კონკრეტული გადაწყვეტილება ფონდის მიერ წარდგენილ ოქმებზე, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ყოფილ მინისტრს მიეცა წერილობითი თანხმობა, ან უარი, პასუხი რამდენიმე თვით ჭიანურდებოდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან უწყვეტი კომუნიკაციის მიუხედავად რეაგირება გვიანდებოდა. ცალკეულ ოქმებზე თანხმობა დაგვიანებით მივიღეთ.
მაგალითად: ყოფილი მინისტრის მიერ გადაწყვეტილებების გაჭიანურების გამო შეფერხდა "საპარტნიორო ფონდისა" და ისრაელის კომპანია "ელბიტ საიკლონის" ერთობლივი პროექტის, ამიერკავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარქნის (ATC ) საქმიანობა, რომელიც მსოფლიო ავიაგიგანტის "ბოინგის" შეკვეთებს ასრულებს. ასევე, შეფერხდა "საპარტნიორო ფონდისა" და ესპანური კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტეს" ერთობლივი ევროპული სტანდარტების აგურების ქარხნის მშენებლობა კასპში. პროექტებს შორის იყო რუხის სავაჭრო ცენტრი და "საპარტნირო ფონდის" ბიუჯეტიც, რის გამოც, ასევე, შეფერხდა როგორც ფონდის, ასევე, პროექტ "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული ბიზნეს პროექტების დაფინანსება.
ყოფილი მინისტრის მიერ გადაწყვეტილების გაჭიანურება "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის შეფერხების მიზეზი გახდა. რამდენიმე პროექტი შეჩერების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, რასაც ფონდის უცხოელი პარტნიორების მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვა. მსგავსი ქმედებები ქვეყნის სახელმწიფო უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის საერთაშორისო იმიჯზე მოქმედებს.
არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ქობულია ფონდის პროექტების არამართებულობის შესახებ საკუთარ შეხედულებებს აფიქსირებს (თუ არ ჩავთვლით სამინისტროს თანამშრომლებთან რამდენიმე სამუშაო შეხვედრას, სადაც ზოგადად პროექტებზე იყო საუბარი).
რაც შეეხება ყოფილი მინისტრის პოზიციას ფონდის "არაეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით", – გიორგი ქობულიას ფონდის სტრუქტურულ ცვლილებებზე კონკრეტული ხედვა, ან დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია.
ყოფილი მინისტრის განმარტება იმის შესახებ, რომ ფონდის მიერ წარდგენილ ოქმებზე ხელი რამდენიმე თვის დაგვიანებით ბიზნეს ეთიკის გამო მოაწერა, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია", – აღნიშნა "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ.