მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპარტნიორო ფონდი: ინვესტორი არ "დაკარგულა" - აგურის ქარხანა ესპანეთიდან კასპში გადმოდის

5d1df64243397
ელენე გოგბერაშვილი
04.07.19 16:49
1211
კასპში, სოფელ მეტეხში, ესპანური კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტეს", საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობაში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. საწარმოს მშენებლობას საფუძველი გასული წლის ნოემბერში ჩაეყარა, თუმცა ამ დრომდე ადგილზე სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა და როგორც კასპის მერიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ინვესტორი კომპანია მეტეხში დიდი ხანია აღარ ჩანს.

სოსო მარღიშვილის ინფორმაციით, პროექტი შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ამის მიზეზი არ იცის, რადგან ინვესტორ კომპანიასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

"ვერანაირად ვერ ვუკავშირდებით, აქამდე ჩვენთან კომუნიკაცია არც ჰქონიათ და არც გამოჩენილან. ადგილზე ძველი შენობა დგას, მისი დემონტაჟიც არ მომხდარა. გაზაფხულზე რაღაც მასლები მოიტანეს და ამის შემდეგ არაფერი ვიცით", - აცხადებს სოსო მარღიშვილი.

საპარტნიორო ფონდში განგვიცხადეს, რომ "საპატნიორო ფონდისა" და ესპანური კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტეს" პროექტის მიხედვით, ამ ეტაპზე, ესპანეთში არსებული მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს, ხოლო ინვესტორთან ფინანსური მოდელის დეტალები თანხმდება.

"ესპანეთში მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის დემონტაჟს და ტრანსპორტირებას გარკვეული დრო სჭირდება, შესაბამისად, სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია "დაკარგულ" ინვესტორთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

"საპარტნიორო ფონდის" მხრიდან ამ ეტაპზე პროექტში ინვესტირება არ მომხდარა. ფონდის მიერ პროექტით გათვალისწინებული კაპიტალშენატანი ზემოთ აღნიშნული პროცედურების შემდეგ განხორციელდება", - აცხადებენ ფონდში.

საპარტნიორო ფონდის გარდა, აგურის ქარხნის პროექტში მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და "ბანკი ქართუ".

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განგვიცხადეს, რომ "კერამიკა ელ ტორრენტესთან" ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2018 წელს გაფორმდა, თუმცა სააგენტოს პროექტი არ დაუსუბსიდირებია, რადგან თანხმობის მიუხედავად, სესხი არ გაუცია თავად "ბანკ ქართუს". თავის მხრივ, ბანკი პროექტის განხორციელების დაწყებას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები