საპარტნიორო ფონდი სასტუმრო "ბორჯომ-ლიკანში" ახალი ინვესტორის შეყვანას გეგმავს, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ "საქმიან დილაში" განაცხადა.
"დღესდღეობით საპარტნიორო ფონდი "ბორჯომი-ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლოებლია, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან, მათ შორის "მერიოტთან“, "ინტერკონტინენტალთან“, "ეკორთან", ეს პროცესი უახლოეს ხანებში დასრულდება. ვცდილობთ, რომ ამ სასტუმროში შევიყვანოთ "რიქსოსზე" მაღალი კლასის ბრენდი, რის შემდეგაც "ბორჯომი-ლიკანი" განვითარების ახალ ეტაპს დაიწყებს. პარალელურად ვმუშაობთ იმაზეც, რომ შემოვიყვანოთ ახალი ინვესტორი პროექტში, ესაც დამოუკიდებელი მიმართულებაა, რაზეც საპარტნიორი ფონდი მუშაობს", - განაცხადა გიორგი დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს "საპარტნიორო ფონდი" სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100% აქციების მფლობელი გახდა. ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ მიერ დაფუძნებული შპს „კმგ-სერვის საქართველოს" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდს“ გადაეცა. მანამდე შპს "კმგ-სერვის საქართველო" და "საპარტნიორო ფონდი“ "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" აქციების 50-50%-ს ფლობდნენ.

























