საპარტნიორო ფონდმა „სტრარტაპ საქართველოს“ ფარგლებში, 2016 წელს მობილური გიდის აპლიკაციის პროექტი 100 000 ლარით დააფინანსა.
პროექტი გულისხმობდა მობილური აპლიკაციის - „Audio Guide Georgia“ შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს ტურისტს მოუსმინოს აუდიო გიდს და მიიღოს სრული ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ადგილმდებარეობების შესახებ. აპლიკაციის საშუალებით ტურისტს შეუძლია მოძრაობისას მოუსმინოს ინფორმაციას ძეგლებზე, მონუმენტებზე, ქუჩებზე, შენობებზე და ა.შ.
პროექტის ავტორი bm.ge-ისთან საუბარში ამბობს, რომ აპლიკაცია რუსულ და ქართულ ენებზე შეიქმნა, თუმცა იმდენად სპეციფიკურ სეგმენტზე მოხდა გათვლა, რომ ნაკლები ადამიანი იყენებს.
„მოიხმარენ, მაგრამ ჩვენი მოლოდინი მეტი იყო, ვიდრე დღეს შედეგი მივიღეთ“, - აცხადებს ნიკოლოზ გეწაძე.
პროექტის განსახორციელებლად ჯამში 111 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც საპარტნიორო ფონდის ინვესტიცია 100 000 ლარია. ბენეფიციარს ინვესტიციის გამოსყიდვის ვადად 5 წელი აქვს, თუმცა როგორც ნიკოლოზ გეწაძე ამბობს, ინვესტორი სჭირდებათ, ვინც გამოსყიდვაში დაეხმარებათ.
გეწაძე ამბობს, რომ აპლიკაცია ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნეს, რათა ქართული ტურიზმისთვის შეეწყოთ ხელი; მისივე თქმით, ამ სერვისის საზღვრებს გარეთ გატანა ვერ მოხდება, რადგან მსგავსი აპლიკაციები თითქმის ყველა ქვეყანაში მუშაობს.
ცნობისთვის: „სტარტაპ საქართველოს’ პირობების თანახმად, ბენეფიციარს ენიჭება „სტარტაპ საქართველოს“ წილის გამოსყიდვის უპირატესი უფლება. გამოსყიდვის ფასი შეადგენს „სტარტაპ საქართველოს“ მიერ ინვესტირებულ თანხას დამატებული წლიური 10% რთული დარიცხვის მეთოდით, ფაქტიური ვადის გათვალისწინებით.
„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებით დამტკიცდა.
„სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ არის შეზღუდული.

























