მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების ვალი $1 მილიარდს აჭარბებს

5915a97bf1eca
თელარა გელანტია
12.05.17 16:22
3624
2015 წლის მდგომარეობით, საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი 19 კომპანიის ვალი მილიარდ დოლარს აჭარბებს.

"საქმის კურსმა“ საპარტნიორო ფონდიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობის და ვისი ვალი აქვს საპარტნიორო ფონდს და ასევე 19 შვილობილ კომპანიას 2017 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის, თუმცა როგორც ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, მათ არ აქვთ ვალდებულება აღნიშნული მონაცემები აუდიტის გარეშე გამოაქვეყნონ, აუდიტგავლილი კი, 2015 წლის მონაცემები ჰქონდათ.

ვალის სტატისტიკა ასეთია: 2015 წლის ბოლოსთვის, მაშინ როდესაც ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე იყო, საპარტნირო ფონდმა შვეიცარული ”Credit Suisse-სგან $150 მლნ-ის სესხი აიღო, რომლის მიზნობრიობა, ფონდის ინფორმაციით, არსებული სესხების რეფინანსირება იყო. ფონდის ინფორმაციითვე, 2015 წლის ბოლოსთვის საპარტნიორო ფონდს მხოლოდ "Credit Suisse”-ის ვალი ჰქონდა.

ფონდში უპასუხოდ დატოვეს "საქმის კურსის" კითხვა - თუ რა მოცულობის ვალის აღება აქვს დაგეგმილი საპარტნიორო ფონდს 2017 წელს, ასევე ისიც, თუ რამდენი ვალი აიღო 2016 წელს.

ამასთან, საპარტნირო ფონდის ინფორმაციით, 2012-2015 წლის განმავლობაში უშუალოდ საპარტნიორო ფონდის მიერ სესხების მომსახურებაზე - როგორც ძირ თანხაზე, ის პროცენტზე გადახდილმა თანხამ შეადგინა დაახლოებით, $75 მლნ.

რაც შეეხება საპარტნირო ფონდის შვილობილი კომპანიების ვალების ნაშთს, - ამ შემთხვევაშიც 2015 წლის მდგომარეობით, 19 საწარმოდან უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია გრძელვადიანი სასესხო ვალდებულება, მათ შორისაა "ნენსკრა“, ესკო, "რუხის სავაჭრო ცენტრი“, შპს "ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანია“ და ა.შ.

ყველაზე დიდი მოცულობის ვალი კი აქვს "საქართველოს რკინიგზას“ - ევრობონდებიდან და „Credit Suisse”-ისგან მიღებული, რაც ჯამში დაახლეობით $523 მლნ-ია. შემდეგ მოდის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", რომელსაც ფინანსთა სამინისტროს ვალი აქვს, თავის მხრივ ფინანსთა სამინისტროს კი თანხები მოზიდული აქვს KFW-სგან. ჯამში, 2015 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ელექტროსისტემის ვალი შეადგენდა 256 798 119 ევროს და 40 816 319 დოლარს.

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ვალის ნაშთი კი, 2015 წლისთვის $250 მლნ იყო, ესეც ევრობონდების გამოშვებიდან მიღებული თანხა. სააქციო საზოგადოება "ბორჯომ-ლიკანი ინტერნეიშენალს“ კი, აქვს ასევე 18 მლნ დოლარის ვალი, საიდანაც 3 მლნ საპარტნიორო ფონდის ვალია, დანარჩენი კი - "ყაზმუნაიგაზის“. ყველაზე ცოტა 1 მლნ დოლარზე ოდნავ მეტი ვალი აქვს კომპანია „პანექსს“, რომელიც სენდვიჩ პანელებს აწარმოებს.

ჯამში, როგორც საპარტნიორო ფონდის, ისე მისი შვილობილი კომპანიების ვალი, 2015 წლის ბოლოსთვის, დაახლოებით 833 მლნ დოლარს და 257 მლნ ევროს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, სახელმწიფო ვალის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მონაცემები არ მოიცავს სახელმწიფოს საწარმოების საკრედიტო ვალდებულებებს, რის გამოც სახელმწიფო ვალის დათვლის მეთოდოლოგია როგორც აუდიტის სამსახურის, ისე არასამთავრობის ორგრანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მეთოდოლოგიების მიხედვით, სახელმწიფო სექტორის ვალის ნაწილს სახელმწიფო არასაფინანსო კორპორაციების საკრედიტო ვალდებულებებიც შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები