მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული სტარტ-აპი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს

5c20c102be80f
მაია ბიწაძე
24.12.18 17:00
1748
კომპანია ,,რევერსის“ დამფუძნებელი მალხაზ ცისკარიშვილი მთავრობას დახმარებას სთხოვს.

როგორც მან Bm.ge-ის განუცხადა, ,,სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, 90 ათას ლარიანი ინვესტიციით შექმნილი ვერტიკალური პარკინგისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების გაყიდვა დამოუკიდებლად უჭირს.

ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დამატებით 50 ათასი დოლარის ფინანსური რესურსი ესაჭიროება, რათა სერიულ წარმოებაზე გადასვლა შეძლოს.

„ჩემთან დასაქმებული ინჟინერ-კონსტრუქტორები იტალიაში და თურქეთში წავიდნენ და იქ დაიწყეს ამ სპეციალობით მუშაობა. ძლივს ვინარჩუნებ დარჩენილ კადრებს, რომლებიც პრაქტიკულად ენთუზიამზე განაგრძობენ შრომას. გვჭირდება 50 ათასი დოლარის ინვესტიცია, რომ განახლებული, უკვე საბოლოოდ დახვეწილი მეორე ნიმუში შევქმნათ; უკვე მზად გვაქვს პროექტი, ნახაზები, თუმცა თანხის არარსებობის გამო, მას ვერ ვაწარმოებთ და ჩვენი შრომა ქაღალდზე რეჩება. ახალი კონსტრუქციის გამოშვების შემთხვევაში, უკვე შესაძლებელი იქნება ინვესტორების დაინტერესება და მის სერიულ წარმოებაში ჩაშვება“, - განაცხადა მალხაზ ცისკარიშვილმა.

აღნიშნულ ქეისთან დაკავშირებით, bm.ge ,,სტარტაპ საქართველოს“ ხელმძღვანელ გიორგი ლომიძეს დაუკავშირდა.

ლომიძე განმარტავს, რომ ,,რევერსისთვის“ დამატებითი ინვესტიციის გამოყოფა მათი მხრიდან ვერ მოხდება, რადგან ამას კომპანიის დებულება არ ითვალისწინებს.
„სტარტაპ საქართველო“ არ არის ისეთი საინვესტიციო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ბენეფიციარის მოთხოვნებიდან გამომდინარე მუდმივად დააფინანსოს კომპანიები; წინასწარ შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში ვაფინანსებთ მათ; ჩვენ მთლიანად გვაქვს გაშვებული ეს თანხები ამ კომპანიაში, რაც 90 ათას ლარს შეადგენდა და ჩვენი დებულებიდან გამომდინარე, დამატებითი ინვესტირება არ შეგვიძლია.

ეს არ არის მარტივი პროდუქცია და პირობითად მომსახურების სფერო, ან პირველადი მოხმარების საგნები, რომლის წარმოებაც მარტივია, ეს არის სრულიად ახალი ნიშა საქართველოში, აქედან გამომდინარე, მის განვითარებას შედარებით გრძელვადიანი ტემპები სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ლომიძემ.

მისივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში შექმნილი საპარკინგე სისტემით ინვესტორები ინტერესდებიან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს რთული კონსტრუქციაა, მისი განთავსება საჭირო ნებართვების გაცემასაც საჭიროებს.

აღნიშნულ სანებართვო სისტემების შემუშავებასთან დაკავშირებით მუშაობა მუნიციპალიტეტებთან უკვე დაწყებულია.

„ამ კონსტრუქციით ინტერსდებიან ინვესტორები, მაგრამ ეს მოდელი ქართული რეალობისთვის სრულიად ახალია და ამას სჭირდება მორგება და ადაპტირება; ნებისმიერი მშენებლობისთს, თუ კონსტრუქციისთვის, რომელიც უნდა განთავსდეს თბილიის თუ სხვა ქალაქის ტერიტორიაზე, საჭიროა, შესაბამისი ნებართვების გაცემა, ასეთი საკითხები მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელია და ,,რევერსი“ ამ პროცესშია. ჩვენ გვაქვს მზაობა მერიიდან და ახლა ამ სანებართვო სისიტემებზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ლომიძემ.

შეგახსენებთ, რომ საუბარია, ვერტიკალური პარკინგის სისტემაზე, რომელიც 10 ავტომობილს იტევს. მისი თვითღირებულება, დაახლოებით, 50 ათას დოლარს შეადგენს და პროექტის ავტორის თქმით, უცხოურ ანალოგებთან შედარებით ორჯერ იაფია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები